არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებებთან დაკავშირებით

9 ოქტ, 2012

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებებთან დაკავშირებით

 

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად                                 9 ოქტომბერი, 2012                  

                                                                      

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის 5 ოქტომბერს გამოსცა ორი ბრძანებულება (#924 და #925),  რითაც სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ  სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქცია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისად, ამ სამსახურისთვის სააგენტოებზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის გადაცემა კიდევ უფრო გაზრდის პრეზიდენტის გავლენას აღნიშნულ უწყებებზე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ სამსახურის მიზანს წარმოადგენს პრეზიდენტის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირების დაცვა; ასევე, საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები.

შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კონტროლის ქვეშ გადასვლა შესაბამისობაში არ მოდის კანონმდებლობით ამ სამსახურისთვის განსაზღვრულ მიზნებთან.

ამასთან მიგვაჩნია, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ახალი პარლამეტისა და მთავრობის ფუნქციონირების დაწყებამდე ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის და საჭიროებს დამატებით განმარტებებს საზოგადოებისთვის.   

 

შეკითხვებისთვის მიმართეთ:

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – სულხან სალაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” – ეკა ბოკუჩავა

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” – ნინო ევგენიძე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” – გიორგი კლდიაშვილი