არჩევნების დღეებში მედია ცენტრი ამოქმედდა

31 მაი, 2010

2010 წლის 20 მაისიდან ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მუშაობა დაიწყო მედია ცენტრმა, რომელსაც კოორდინაციას უწევს სამი ადგილობრივი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაცია  – “საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

მედიაცენტრის მეშვეობით ჟურნალისტები და ფართო საზოგადოება 24 საათიან რეჟიმში იღებენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამკვირვებლო საქმიანობის, დაკვირვების შედეგების  და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადებები შემდეგი საკითხების შესახებ:

–         საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის მიმდინარეობა;

–         გამოვლენილი დარღვევები, ხარვეზები და გასაჩივრების პროცესის მიმდინარეობა;

–         საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცედურის მიმდინარეობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები და მონიტორინგის შედეგები ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით შუქდება, ელექტრონული ვერსიები ვრცელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე  და თავსდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების ვებგვერდებზე (www.transparancy.ge; www.isfed.ge; www.gyla.ge)

გარდა მედიაცენტრის დამფუძნებელი ორგანიზაციებისა, მედიაცენტრის მეშვეობით საზოგადოებისათვის არჩევნების მონიტორინგის შედეგების თაობაზე განცხადებებს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ:

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

საზოგადოებრივი მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო ” 

ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”

სამივე ეს ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ფონდის “ღია საზოგადოება  – საქართველო” მხარდაჭერით ახორციელებს.