აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საპარლამენტო არჩევნებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე

9 ოქტ, 2012

წყარო: ვებგვერდი ‘ეს შენ გეხება’

9 ოქტომბერს მედია ცენტრში აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება საპარლამენტო არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.

 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის

განცხადება საპარლამენტო არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ

 

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღნიშნავს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ქმნის საფუძველს ევროკავშირთან ინტენსიური დაახლოვებისათვის. 

მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები არჩევნების ზოგადად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების შესახებ, დაძაბული და პრობლემატური წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამების პროცესში დაფიქსირებული ცალკეული დარღვევების მიუხედავად. 

მიგვაჩნია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინასწარი პოზიტიური შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით გამყარებული უნდა იქნას შემდგომი პროცესების დემოკრატიულ და საკონსტიტუციო ჩარჩოში წარმართვით. ამ თვალსაზრისით, ეროვნული პლატფორმა:

– მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ექსცესებისა და დაპირისპირებების გარეშე, აუცილებელია შემდგომ პერიოდშიც, მათ შორის მთლიანი საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. 

– იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებულ დავებზე მოხდება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

– ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შეიქმნა საქართველოს ოცწლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო ვითარება, როდესაც არჩევნების გზით, პირველად განხორციელდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილება და არსებულმა ხელისუფლებამ აღიარა ოპოზიციაში გადანაცვლება. 

– აცნობიერებს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქცა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისად.

– იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში, შესაძლებელი იქნება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დემოკრატიული, ცივილიზებული და ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისი ურთიერთობების ფორმატის ჩამოყალიბება.  აღნიშნული საქართველოში დემოკრატიული პროცესის გამყარების და გრძელვადიანად კონსოლიდირების წინაპირობაა.

– საჭიროდ მიიჩნევს ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და შემდგომ, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული  ჯანსაღი პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფას. 

– მნიშვნელოვნად განიხილავს ამ პერიოდში საპარლამენტო პოლიტიკურ სპექტრთან და ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობების გაღრმავებისა და დიალოგის ახალი სტრუქტურირებული ფორმატის ჩამოყალიბების საჭიროებას. 

ეროვნული პლატფორმა, როგორც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება, და მისი თემატური სამუშაო ჯგუფები, გამოხატავს მზადყოფნას, სტუქტურირებული დიალოგის, თემატური რეკომენდაციების, ექსპერტიზის და სამოქალაქო მონიტორინგის გზით, მონაწილოება მიიღოს დემოკრატიული რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარების საკითხში.  

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ეროვნული პლატფორმის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ ხაზგასმული გამოწვევები ისევ აქტუალურია და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას.  

ამ თვალსაზრისით, დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანად რჩება მედიის თავისუფლებისა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხი, ასევე პენიტენციალურ, ისევე როგორც მთლიანად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მძიმე დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიებისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი. პლატფორმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებლო კომისიის შექმნის აუცილებლობას, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით.

პარალელურად, პირველი რიგის ამოცანებად მიგვაჩნია ასევე ძირეული რეფორმების დაწყება  სასამართლო სისტემაში, ასევე ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლების დაცულობის მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის დასავლური გამოცდილებისა და ექსპერიზის გათვალისწინებით. 

ამ და არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის მნიშვნელოვან  სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეროვნული პლატფორმა მზად არის კონკრეტული მოსაზრებები და წინადადებები დაუყოვნებლივ წარმოუდგიუნოს საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს განხილვისათვის. 

ნახეთ განცხადება ინგლისურ ენაზე.