ახალი ჟურნალისტური გამოძიება

25 იან, 2010

პარასკევს, 13 ნოემბერს ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში სტუდია „მონიტორი”-ს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ფილმის ჩვენება გაიმართა.  

ფილმი ეხება ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის კანონიერებას და მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს. ფილმში ასევე მოთხრობილია რეზიდენციის ადგილას მცხოვრები ერთი ოჯახის ისტორია, რომელმაც კუთვნილი სახლი სახელმწიფოს დაუთმო, მაგრამ სანაცვლო  კომპენსაცია 5 წლის განმავლობაში ვერ მიიღო. ფილმში ნაჩვენებია თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები.  

ფილმის შინაარსმა, წარმოდგენილმა დეტალებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. “დისკუსიაში ჩაერთნენ იურისტები, ჟურნალისტები, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის კრიტიკულიც.  

“კარგი იქნებოდა ფილმში წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ მერიის ის წარმომადგენლები, რომლებზეც ფილმშია საუბარი, როგორც უშუალო მონაწილეებზე პრეზიდენტის რეზინდენციის ტერიტორიის მითვისებაში”- აღინიშნა ერთხმად. სტუდია “მონიტორი”-ს გადამღებმა ჯგუფმა განმარტა, რომ მიუხედავად მრავალჯერადი მიმართვისა, მერიის წარმომადგენლებისგან მონაწილეობაზე თანხმობა ვერ მიიღეს.  

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” მედიის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის განვითარებაა. ფონდი კვლავ გააგრძელებს საგამომძიებლო ჟურნალისტიკის მხარდაჭერას, ვინაიდან თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის  აუცილებელი პირობას წარმოადგენს.  შესაძლოა  ფონდის და ავტორის მოსაზრებები ფილმებში გამოთქმულ ფაქტებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, თუმცა როდესაც ქვეყანა დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე დგას, მნიშვნელოვანია არსებობდეს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი, განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი და ისეთი პირობები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს  საშუალებას, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია.