ახალი საგადასახადო კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს

22 ივნ, 2010

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივითა და ორგანიზებით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები,  აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის წევრები ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ძველი საგადასახადო კოდექსის ავტორები, პოლიტიკური პარტიები, ჟურნალისტები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის საბოლოო მიზანია, რომ საგადასახადო კოდექსი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს თქმით “98%-ით იცვლება” და მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება მცირე ბიზნესს, კერძოდ კი დაბეგვრის ახალ რეჟიმს, საგადასახადო და საბაჟო ბარათების გაერთიანებას და ა.შ.  საბოლოო ფორმით საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს.

“ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს,  მედიას და ექსპერტებს, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვაში და საბოლოოდ მივიღოთ კოდექსი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.  არასამთავრობო ორგანიზაციებს და დარგის ექსპერტებს მომზადებული აქვთ რეკომენდაციები, რომელიც კოდექსში ხარვეზად მიჩნეულ საკითხებს ითვალისწინებს. რეკომენდაციებს დაემატება შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები, დამუშავდება და საბოლოო სახით წარედგინება მთავრობას. “-განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოების წარმომადგენელმა” ირინა ლაშხმა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ ახალი კოდექსის მთავარ ცვლილებებზე ისაუბრა; ახალ კოდექსი დეტალურად მიმოიხილა და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა I&N Audit -ის წარმომადგენელმა ირაკლი შავიშვილმა. მან აღნიშნა, რომ “რევოლუციურ” ცვლილებებს კოდექსში ვერ ხედავს. მისი თქმით, საგადასახადო კოდექსი არათუ გააუმჯობესებს, არამედ დაამძიმებს ბიზნეს გარემოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზები კოდექსის ტერმინოლოგიაში, ცნებებში და განმარტებებში ფიქსირდება. მთლიანად არის აღრეული პერიოდის აღმნიშვნელი ტერმინები, კალენდარული წელი, საგადასახადო წელი და ა.შ მრავლად არის ორაზროვანი განმარტებები, რომელიც გადამხდელის დაბნევას გამოიწვევს. საილუსტრაციოდ ქონების გადასახადის მაგალითი მოიყვანა, რომელიც კოდექსში ნახსენებია, როგორც “ქონებაზე ქონების გადასახადი და მიწაზე ქონების გადასახადი. ორ სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებული ეს ტერმინი ლოგიკურად ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს.  ამავდროულად, შესავალში ცნებების განმარტებაში წერია, რომ ქონება არის დასაბეგრი ქონება და დასაბეგრი მიწა, გამოდის, რომ მიწა ორმაგად იბეგრება, ერთი როგორც ქონება და მეორე-როგორც მიწა.” ბ-ნი შავიშვილის თქმით, ახალ საგადასახადო კოდექსში გადაჭარბებულია მთავრობის უფლებამოსილებაც. “ორაზროვნების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უფლება მინიჭებული აქვს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოს, აუდიტორთა საბჭოს ან დავების საბჭოს. კერძოდ, ნათქვამია, რომ თუ საბჭო მიიჩნევს, რომ რომ კოდექსის რომელიმე პუნქტი ორაზროვანია, მისი განმარტება მოხდება გადამხდელის სასარგებლოდ. დაუშვებელია მსგავსი საკითხების სუბიექტურად გადაწყვეტა. ეს უნდა იყოს იმპერატიული და  ცალსახად განსაზღვრული”-აღნიშნა მან.  

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბ-ნმა ირაკლი სირაძემ დისკუსიის პროცესში მრავალი კრიტიკული მოსაზრება მოისმინა და აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის გაითვალისწინოს ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის შენიშვნები.

“დღევანდელი შეხვედრა არის მორიგი შეხვედრა იმ შეხვედრათა სერიიდან, რაც კოდექსის კანონპროექტის განხილვას მიეძღვნა. კოდექსის ამ ვერსიას ჩვენ თავიდანვე დავარქვით სამუშაო ვერსია. არავის ჰქონია იმის ილუზია, რომ შენიშვნები არ იქნება. თუ შენიშვნები იქნება მოწოდებული კონსტრუქციულად, არგუმენტირებულად და არა მხოლოდ რეპლიკების დონეზე, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და გავითვალისწინოთ. სწორედ ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემოსულ შენიშვნებს განიხილავს.  ცხადია ჩვენ საკუთარი არგუმენტები გაგვაჩნია, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ.” -განაცხადა მან.

იმ ძირითად ცვლილებებს შორის, რომელიც ბიზნესის დაბეგვრის ახალ რეჟიმს შეეხებოდა, გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დღგ-ს დაწესებაზე პრესისთვის რეკლამიდან შემოსავალზე და  დისტრიბუციაზე. პრესის წარმომადგენლების და ექსპერტების თქმით, დაბეგვრის რეჟიმის დამძიმება ბეჭდურ მედიას გააკოტრებს და ბევრი ჟურნალ-გაზეთის დახურვას გამოიწვევს.

“მოქმედი კოდექსის თანახმად პრესას არ ეკისრება გადასახადები საქონლის იმპორტზე, მიწოდებაზე, რეალიზაციაზე, დისტრიბუციაზე, ბეჭდვის მომსახურებასა და სარეკლამო მომსახურებაზე. ახალი კოდექსით პრესისთვის დაბეგვრის რეჟიმის დამძიმებით რეგიონში გაზეთი აღარ დარჩება. თბილისში არსებულ მედიას კი უმძიმესი პირობები შეექმნება”, ამბობს გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში.

ჟურნალისტების მიმართვაზე, თუ რა პოლიტიკური მოსაზრებებით იქნა ეს ცვლილებები კოდექსში შეტანილი, ირაკლი სირაძემ განაცხადა, რომ 308 მუხლიანი კოდექსიდან მედიისთვის შეღავათების მოხსნასთან დაკავშირებული პუნქტები არ ახსენდება.”შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მექანიკურ შეცდომას ან რაიმე სახის გაუგებრობას. მე დამატებით გავარკვევ ამ საკითხს”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.