ახალი სახლი გურჯაანში

31 ოქტ, 2012

2 ნოემბერს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა დოკუმენტური ფილმის “ახალი სახლი” ჩვენება.

2011 წელს ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაციამ “ხელი ხელს” გურჯაანში საოჯახო ტიპის დაწესებულება შექმნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათი ადამიანი ცხოვრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მაია შიშნიაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაუთმო იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ ფილმში სახლის ყოველდღიურობაზე საუბრობენ და საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ სახლი ფონდის დახმარებით გაარემონტა და დასაქმებული პერსონალი გადაამზადა. აღნიშნული ტიპის საცხოვრებელი პირველია პოსტ საბჭოთა სივრცეში.

ფილმი გურჯაანში მდებარე სახლზე გადაიღო რეჟისორმა ლევან ადამიამ,  “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” ინიციატივის ფარგლებში.

 

ნახეთ ფილმი:

 

დღეისათვის საქართველოში 5 დაწესებულებაა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანები ცხოვრობენ. მათგან სამში ზრდასრული ასაკის შშმ პირები არიან განთავსებულნი, ორში კი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. 200 შშმ ზრდასრული პირიდან მხოლოდ ათს მიეცა შესაძლებლობა, საოჯახო ტიპის საცხოვრებელში გადასულიყო.

 

მაია შიშნიაშვილს გადაცემა  „იმედის გმირებმაც” მიუძღვნა.