ახლად დაარსებული მედიაცენტრი დროული და სანდო ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს

20 იან, 2010

26 დეკემბერს  ჩატარდა  მედიაცენტრის პრეზენტაცია, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” უზრუნველყოფს.
პრეზენტაციაზე, რომელსაც მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დამფუძნებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მედიაცენტრის ძირითადი მიზნებსა და წინასაარჩევნო თუ საარჩევნო პერიოდში ამ ორგანიზაციათა მონიტორინგის განხორციელების უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს.

მედიაცენტრის დაარსების ძირითად მიზანს 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის გავრცელება, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათგან შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.  

ცენტრი ინფორმაციას მიაწვდის მედია საშუალებებს და პარალელურ რეჟიმში ამ ინფორმაციას განათავსებს ინტერნეტ გვერდზე:  www.election.ge

მედია ცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ამომრჩევლებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ ცენტრს და მიაწოდონ მას ინფორმაცია შესაძლო დარღვევების ან ხარვეზების შესახებ და ასევე, მიიღონ კონსულტაცია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. მედია ცენტრი იმუშავებს 26 დეკემბრიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.