ბიზნეს ინკუბატორები - ესტონური გამოცდილება

25 იან, 2010

 

 

 24 ნოემბერს, თბილისში, ბიზნეს კომპლექს “D” პლაზაში, კავკასიის უნივერსიტეტისა და ტალინის უნივერსიტეტის პარტნიორული პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ესტონელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ტრენინგი საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ბიზნეს ინკუბატორების ჩამოყალიბების საკითხებში.  მოცემული პროექტი  პროგრამის “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და გულისხმობს ესტონელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციების ჩატარებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის როგორც ტრენინგის სახით, ასევე ინდივიდუალურად. 

ღონისძიების მიმდინარეობისას მოწვეულმა  ექსპერტებმა შემდეგ თემებზე გაამახვილეს ყურადღება: რა არის ინკუბატორები და მისი ძირითადი მახასიათებლები? როგორია ინკუბატორების როლი ქვეყანაში ბიზნესის განვითარების საქმეში? რა წყაროებით ფინანსდება ინკუბატორები? ვინ ქმნის ინკუბატორებს და  რა არის საჭირო მის შესაქმნელად? 

შეხვედრა დატვირთული იყო კონკრეტული მაგალითებითაც.  ღონისძიების დასკვნითი ეტაპი დაეთმო კითხვა-პასუხსა და დისკუსიას. როგორც ტრენინგზე დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, მოცემული ღონისძიება საინტერესო და სასარგებლო იყო არა მხოლოდ მათი ბიზნესის განვითარებისათვის, არამედ ზოგადად,  ქართული ბიზნესის ხელშეწყობისათვის.  თბილისში გამართულ ღონისძიებას 54 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. მსგავსი ღონისძიების ჩატარება იგეგმება აჭარის რეგიონშიც. 

აღსანიშნავია, რომ ესტონეთი დიდი ხანია საქართველოს   დახმარებას უწევს სხვადასხვა კუთხით. “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთის” პროგრამაში ამჟამადაც მიმდინარეობს რამდენიმე ესტონურ-ქართული ერთობლივი პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარებაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სტუდენტთა თვითმმართველობის საკითხებზეა ორიენტირებული.

თამარ წერეთელი

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა