ბოშათა ცხოვრება საქართველოში

17 ივნ, 2011

 

2010 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა კვლევა თემაზე „ბოშათა და მოლდაველთა ეთნიკური ჯგუფები საქართველოში – ინტეგრაციის და სამოქალაქო ჩართულობის პრობლემა”. კვლევა ჩატარდა ქართველ მკლევართა ჯგუფის მიერ გიორგი სორდიას ხელმძღვანელობით.  ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ამჟამად დაახლოებით 750 ბოშა და 800 მოლდაველი ცხოვრობს. საველე სამუშაოების დროს მკვლევარები შეხვდნენ ქუთაისში და თბილისში მცხოვრებ 150 ქურთულენოვან მიგრანტს.  მიუხედავად მათი ეთნიკური, სოციალური და ლინგივსტური განსხვავებებისა, ამ ჯგუფებს ”ბოშებად” მოიხსენიებენ, რაც საქართველოს საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან იზოლირებული, მარგინალიზებული ეთნიკური ჯგუფების საერთო სახელს წარმოადგენს.  

ბოშები და მოლდაველები განეკუთვნებიან ქვეყანაში ყველაზე მარგინალიზებულ და სოციალურად გამიჯნულ ეთნიკურ ჯგუფებს.  უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების მიღების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, იზოლირება, ქართული ენის უცოდინრობა, სათანადო საბუთების არქონა (პირადობის მოწმობებისა და პასპორტების ჩათვლით)-ამ ჯგუფების ძირითადი პრობლემებია.  მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის დონე ძალიან დაბალია.  აღნიშნული ჯგუფების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობას მათხოვრობა და წვრილმანი ვაჭრობა წარმოადგენს.  ისინი განსხვავებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ: უკიდურესი მარგინალიზაცია შეინიშნება თელავის და ქუთაისის (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქალაქები) ახლოს არსებულ დასახლებებში.  შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა ლოტკინის დასახლებასა და სამგორში (თბილისის უბნები), სადაც ბოშები წვრილმან ვაჭრობას ეწევიან და ამის საშუალებით ოჯახებს არჩენენ.  ლენინოვკაში და ქობულეთში (საქართველოს რეგიონები), სადაც საზოგადოების მობილიზაციის, საზოგადოებრივი განვითარების და განათლებაზე ხელმისაწვდომობის დონე უკეთესია, მოცემულ ჯგუფებს სხვა საჭიროებები გააჩნია.  ვაჭრობა და შემოსავლის მიღება მათ ერთადერთ მიზანს აღარ წარმოადგენს.  მათ აგრეთვე სურთ, რომ მათმა შვილებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ და შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაოს პოვნაში დაეხმარება.  განათლების და ტრენინგების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ რეგიონებში განათლების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებენ.

2011 წელს, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს  “ბოშათა თემების მხარდაჭერა და განვითარება საქართველოში”. პროექტი ხელს შეუწყობს მარგინალიზებული თემების განვითარებას, ბოშათა თემის  ეკონომიკურ და სამოქალაქო ინტეგრაციას და კულტურულ მრავალფეროვნებას.  იგი აგრეთვე დაეხმარება თემის წევრებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებაში.  პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
∙ ტრენინგების სერია კახეთში და აჭარის რეგიონში თემის წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით;
∙  მათემატიკის და ქართული ენის კურსები მოზრდილებისთვის;
∙ სემინარები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე: მათი როლი და ფუნქციები;
∙ ტრენინგები დედოფლისწყაროსა და ქობულეთში არსებული ბოშათა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
∙ ვიზიტები ბოშათა თემებში გაჩიანიდან და სამგორიდან დაწყებული  ქობულეთით და დედოფლისწყაროთი დამთავრებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების გასაზიარებლად;
∙ დასკვნითი კონფერენცია თბილისში ბოშათა თემების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.  კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე, ადამიანის და უმცირესობათა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.

პროექტის შედეგად ბოშათა თემების 50 წარმომადგენელი შეიძენს პროფესიულ ჩვევებს და გაიუმჯობესებს სამუშაოს პოვნის შესაძლებლობას; ბოშათა თემები შეინარჩუნებენ და განავითარებენ მათ უნიკალურ კულტურას; ტრენინგის პროგრამების დაახლოებით 60 მონაწილე აიმაღლებს მათემატიკის და ქართული ენის ცოდნის დონეს; გაძლიერდება თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ბოშათა თემებს შორის; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციები გაიუმჯობესებენ საკუთარ შესაძლებლობებს. საქართველოს მოსახლეობა გაეცნობა ბოშებს და მათ საჭიროებებს.

 

ფოტოები გადაღებულია ნათელა გრიგალაშვილის მიერ ბოშათა პირველ ფესტივალზე თბილისში.