დევნილი ახალგაზრდების მიერ გაცოცხლებული თოჯინები

25 იან, 2010

 

ცხინვალიდან და ზემო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები თბილისს ეწვივნენ. ფონდის “ღია გალერეა”-ში მათ მიერ შექმნილი მარიონეტების გამოფენა და თეატრალური წარმოდგენა “ხურვალეთის ზღაპრები” გაიმართა.

გაზაფხულზე ფონდმა ორ სხვადასხვა პროექტს დაუჭირა მხარი: “თოჯინების თეატრი ხურვალეთში” და “სინთეზური თოჯინა”. ორივე პროექტს საერთო მიზანი აერთიანებს- ხელი შეუწყოს რეგიონებში და თბილისში ჩასახლებული დევნილი ბავშვების ინტეგრაციას შემოქმედებით პროცესში ჩართვის გზით. თოჯინების თეატრი ხურვალეთში უკვე დასრულდა და დღევანდელი ღონისძიებაზე სწორედ მისი შედეგები იყო წარმოდგენილი, “სინთეზური თოჯინა” კი დეკემბერში წარმოადგენს ნამუშევარს.

შეკრება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით და წარმოდგენით “ხურვალეთის ზღაპრები” გაიხსნა. სპექტაკლი ეროვნულ და ეთნიკურ მოტივებზე იყო დაფუძნებული. მოზარდების მიერ გაცოცხლებულმა მარიონეტებმა შეასრულეს “სამაია”, “ოსური”, “დავლური”. განსახიერდა ხურვალელი ჯილდას მოწოდება “მოდარაჯე” რუსი სამხედროებისადმი, რომლებიც ხურვალეთში არიან მუდმივად განთავსებულნი.  ჯილდა და გაღვიძებული ბუნება თითქოს ერთად მოუწოდებენ ჯარისკაცებს მშვიდობისაკენ.

თვეების მანძილზე მოზარდები ეცნობოდნენ მარიონეტების შექმნის ხელოვნებას, დამოუკიდებლად  ამზადებდნენ თოჯინებს. შემოქმედებით პროცესში აქტიურად მონაწილეობამ დააჩქარა მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ხელი შეუწყო მათი  შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოებას.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელობას. მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და თოჯინების დამზადება ვისწავლეთ”-ამბობს პროექტის მონაწილე, ქეთი ქიტუაშვილი.

“ხურვალეთის ზღაპრების გმირი მარიონეტები რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვების მიერ იქმნებოდნენ. მე პირველად მომიწია მოზარდებთან ამ მიმართულებით მუშაობა. დღეს წარმოდგენილი ნამუშევრები და მოზარდების თეატრალური წარმოდგენა ისეთი დონისაა,  რომ ნებისმიერი მასშტაბის კრიტიკულ აუდიტორიასაც კი გააოცებს. რამდენიმე მათგანი დღესაც თავისუფლად შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას თეატრში”- აღნიშნავს ზურაბ ქიქოძე, “მეთოჯინეთა კლუბი”-ს ხელმძღვანელი.

“თოჯინების თეატრი ხურვალეთში” მეთოჯინეთა კლუბის მიერ განხორციელდა, ხოლო “სინთეზური თოჯინა” ელენე თავაძის მიერ 53-ე სკოლის ბაზაზე არსებული სტუდიის  “ფანტასმაგორია” მეშვეობით ხორციელდება. 

წარმოდგენის შემდეგ სტუმრებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს,  ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმსა და ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს, გაეცნენ ქალაქის შექმნისა და განვითარების ისტორიას.

 

იხილეთ წარმოდგენის ჩანაწერი 1 

იხილეთ წარმოდგენის ჩანაწერი 2

 

მალხაზ სალდაძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭ ერის პროგრამის კოორდინატორი