ევროპარკში კაჭრეთის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან ერთად

5 ივლ, 2010

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენლებმა 2 ივლისი კაჭრეთის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან ერთად “ევროპარკში” (აკვაპარკი) გაატარეს. ფონდის თანამშრომლები პანსიონს პირველად იანვარში, შემდეგ კი მარტის თვეში  ესტუმრნენ. აღსაზრდელებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მათი ინტერესის სფეროს სპორტული თამაშები წარმოადგენდა. ხელმეორე ვიზიტისას ფონდის წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს სპორტული ინვენტარი, სპეციალური ტანსაცმელი და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცეს. აკვაპარკში გატარებული დღე მოზარდებისთვის ფიზიკური აქტივობებითა და ემოციებით დატვირთული იყო. მოზარდები პანსიონის ყოველდღიურ ცხოვრებას მოსწყდნენ და მათ ცხოვრებისეულ მოგონებებს ერთი ლამაზი დღე შეემატა. 

კაჭრეთის სკოლა-პანსიონი ოთხმოცამდე არასრულწლოვანზე ზრუნავს, რომლებიც აქ მძიმე სოციალური პირობების გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოხვდნენ. პანსიონში ცხოვრობენ ქართველი  და კახეთის მხარეში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდები, რომელთაც ერთმანეთთან დასამეგობრებლად ხელსაყრელი გარემო აქვთ შექმნილი.