ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებები

14 დეკ, 2012

 

19 დეკემბერს, 12:00 საათზე,  ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს”  ოფისში  (ჭოველიძის ქ.10, თბილისი) გაიმართება კვლევის “ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება” შედეგების პრეზენტაცია.

კვლევაში ასახულია ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების პრობლემები, მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე და პირობებზე. 

კვლევის პროცესში ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა  შეაფასა 26 სათემო ორგანიზაციის მდგომარეობა, მათი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები და  საჭიროებები.  შეიმუშავა რეკომენდაციათა პაკეტი  სახელმწიფო  ინსტიტუტებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის. შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარების ექსპერტული ხედვაა.

‘საქართველოში ეთნოსთა შორის  ჰარმონიული თანაცხოვრების  განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობას.  ამ ურთიერთობების განვითარებაში ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სათემო ორგანიზაციები, როგორც პარტნიორები და მათთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაშიც მას ეს კვლევა დაეხმარება’- ამბობს აგიტ მირზოევი, ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი.

პრეზენტაციას დაესწრებიან სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, სათემო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როექტი განხორციელდა ფონდი ღია საზოგადოება საქართვლოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

###

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი სორდია – 599380137,

ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი