ესტონური გამოცდილება ელექტრონული სწავლებისა და განათლების ხარისხის საკითხებში

1 დეკ, 2010

პროგრამის აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე ფარგლებში 29 ნოემბერს პროექტის “ესტონეთისა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ინოვაციისა და ელექტრონული სწავლებების სფეროში” მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო.

პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს 4 უნივერსიტეტის (თბილისის, ბათუმის, გორისა და თელავის) სპეციალისტები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ადგილზე გაეცნენ ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში (ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში, ჰააფსალუს კოლეჯში) ელექტრონული სწავლების სისტემას.

პროექტის მეორე ეტაპზე ესტონელი ლექტორები და ელექტრონული სწავლების სპეციალისტები  ტალინის უნივერსიტეტიდან და ესტონური საინფორმაციო ტექნოლოგიის ფონდიდან ტრენინგების და პრეზენტაციების ჩასატარებლად საქართველოს ეწვივნენ.

30 ნოემბერს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა ესტონელი სპეციალისტების შეხვედრა ფონდის ხელმძღვანელობასთან, თანამშრომლებთან, ფონდის შვილობილ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, განათლების სფეროში მოღვაწე სპეციალისტებთან და სტუდენტებთან. ბატონმა მარტ ლაანპერემ – ტალინის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ინსტიტუტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა და ქალბატონმა ენე კოიტლამ – ესტონური საინფორმაციო ტექნოლოგიის ფონდის ელექტრონული სწავლების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მოკლე პრეზენტაციები გააკეთეს ესტონეთში ელექტრონული სწავლების სისტემაზე და განათლების ხარისხის საკითხებზე. ესტონელმა სპეციალისტებმა ქართველ სპეციალისტებს გააცნეს ელექტრონული სწავლების სპეციალური ვებ გვერდი – www.e-ope.ee. ესტონეთში არ არის სავალდებულო მოთხოვნა ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლა, მაგრამ ხდება ამ მეთოდების ეტაპობრივი დანერგვა რეგულარულ სწავლებაში და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის შევსება ახალი მეთოდებით. ესტონეთში ჩამოყალიბებულია ეროვნული კონსორციუმი – E-University, რომელშიც 7 უნივერსიტეტია გაერთიანებული. კონსორციუმი ეხმარება უნივერსიტეტებს, იძენს მათთვის სხვადასხვა პროგრამებს. ასევე კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან სწავლების ერთიან სისტემაზე ყველა უნივერსიტეტში.ამ კონსორციუმში შემავალი უნივერსიტეტები ეხმარებიან ერთმანეთს პროგრამების, მეთოდოლოგიის გავნითარებასა და დანერგვაში.

1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისატვის, ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის.  

საქართველოში ვიზიტისას სტუმრები შეხვედრებს გამართავენ განათლების სამინისტროში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორისა და თელავის უნივერსიტეტებში.