ზიანის შემცირების III ეროვნული კონფერენცია

4 მარ, 2010

26-27 თებერვალს სასტუმრო D-პლაზაში ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების III ეროვნული კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებითა და ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოსა” და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

წინა კონფერენციებთან შედარებით, მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და ამჯერად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ამიერკავკასიის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან,  ლიტვიდან და აშშ-დან მოწვეულმა ექსპერტებმა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის თანამშრომლებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს გამოსვლები საქართველოში ზიანის შემცირების, აივ-ის პროფილაქტიკისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის პროგრამების შესახებ, გაიზიარეს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილება სისხლით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის საკითხებში, გაეცნენ საერთაშორისო ორგანიზაციების სამომავლო გეგმებს ზიანის შემცირების, აივ-ის პროფილაქტიკისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის კუთხით, ასევე ციხეებში არსებულ ზიანის შემცირებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს.

ორდღიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
–  აუცილებელია პარლამენტში განსახილველად შეტანილი ნარკოკანონმდებლობის შესწორების პროექტების გადაუდებელი განხილვა, რათა ქვეყანაში        ნარკოტიკების მოხმარების საბაბით ადამიანის უფლებათა შელახვის რისკი    მაქსიმალურად შემცირდეს;
–  ზიანის შემცირების პროგრამების ამჟამინდელი პრიორიტეტებია:
      ა.   კუსტარულად დამზადებული სტიმულატორების მოხმარებით მიყენებული ზიანის შემცირების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება;
      ბ.   ციხეებში ზიანის შემცირების პროგრამების სრულფასოვანი დანერგვა;
      გ.   ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის რისკის მინიმიზაციის მიზნით ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავება;
      დ.  ქალ-მომხმარებელთა საჭიროებების სატანადო საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
      ე.   მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა მასში ახალი რგოლების (მაგ. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია) ამოქმედების გზით.

– ამ პრიორიტეტების განსახორციელებლად ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მზაობა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რაც შემდგომი კონსტრუქციული გარდაქმნებისათვის აუცილებელ ერთობლივ პლატფორმას უზრუნველყოფს;
– მნიშვნელოვანია არსებული მომსახურების მდგრადობის უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ინკორპორირებისა და/ან სახელმწიფო დაფინანსებით მათი უზრუნველყოფის გზით.