თბილისელმა მეწარმეებმა სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს

20 იან, 2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამის შიდა პროექტის – “ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი” ფარგლებში დამწყებმა მეწარმეებმა და საკუთარი ბიზნესის განვითარების მსურველებმა ათ დღიანი ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამით – “დაიწყე და სრულყავი შენი ბიზნესი” საქართველოს დასაქმებელთა ასოციაცია უძღვებოდა. სასწავლო პროგრამა რამოდენიმე საკითხისაგან შედგებოდა: იდეის კონცეფცია; მარკეტინგი; შესყიდვები; საქმიანი თამაშები; სასაქონლო მარაგების კონტროლი; თვითღირებულების კალკულაცია; საბუღალტრო აღრიცხვა; იურიდიული პასუხისმგებლობა; საგადასახადო კოდექსი; პერსონალის შერჩევა; შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა; ფულადი სახსრების ბრუნვის უწყისი.

 საგადასახადო კოდექსისა და სესხის გაცემის საკითხებზე კონსულტაციისათვის სემინარებზე მოწვეული იყვნენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

სემინარში,  ქ. თბილისის დამწყებ მეწარმეებთან ერთად, მონაწილეობდნენ ის პირები, რომელთაც წამოწყებუილი აქვთ საკუთარი ბიზნესი, მაგრამ შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სახსრების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ მის განვითარებას. პროექტის მონაწილეთა ბიზნესიდეები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, დაწყებული სასურსათო მაღაზიის გახსნიდან, დამთავრებული ხალხური მეთოდებით წამლის წამოებით.ტრენინგის მონაწილეთა უმრავლესობის მონდომებულობა, ბიზნესის წარმოების უნარი, ტექნიკური ჩვევები და საქმიანობის სფეროს ცოდნა უმაღლესი ქულით იქნა შეფასებული. სემინარის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობისა და სასწავლო კურისის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.