თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო გაიხსნა

1 მაი, 2013

 

1 მაისს ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ოფისში გაიმართა თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს და ახალი ვებგვერდის  –WWW.DROA.GE  პრეზენტაცია.  ვებგვერდზე ატვირთულია ყველა სახის  ინფორმაცია თითმმართველობის მიმდინარე რეფორმის შესახებ. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის წარმომადგენელი თინათინ ბოლქვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილეი თენგიზ შერგელაშვილი, USAID/MSI-ის წარმომადგენელი საქართველოში უილიამ კარტიეი და პრემიერ მინისტრის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი.

მომხსენებლებმა ისაუბრეს თვითმმართველობის რეფორმის და პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

“დაგეგმილია მასშტაბური რეფორმა, რომელიც ვერ იქნება წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე.  ეს არის სექტორი,  სადაც დიდი გამოცდილებაა დაგროვილი.  გარდა იმისა, რომ პრეზენტაციას დავესწრები, მონაწილეობას მივიღებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში”- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სამდივნოს ფუნქციაა, უზრუნველყოს ინფორმაციის დროული და ადეკვატური მიწოდება და გაცვლა თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ჩართულ მონაწილეებს შორის. რეგიონული თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე უკვე შექმნილია დამოუკიდებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩეველთა საბჭო  და  სამუშო ჯგუფები.  სწორედ მათ შორის ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების მიწოდება ევალება მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს ახლადშექმნილ სამდივნოს.  ამ ინფორმაციას სამდივნო, ასევე, გადასცემს რეფორმის პროცესში ჩართულ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, რაც საბოლოო ჯამში რეფორმის გამჭვირვალე მიმდინარეობას უზრუნველყოფს.

“თვითმმართველობის დროა’ ამ დევიზით შევქმენით მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო, რომლის მიზანია თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და რეფორმაში ჩართული მონაწილეების მუშაობის კოორდინაცია.”- ამბობს თინათინ ბოლქვაძე, ფონდის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი.  

ვებგვერდზე  DROA.GE დაინტერესებული პირი რეფორმის შესახებ ყველა საჭორო ინფორმაციას ნახავს. შესაძლებელია კითხვების გამოგზავნაც, რომელზეც კომპეტენტურ პასუხს მრჩევლთა საბჭოს წევრებისგან მიიღებს.

 

 ###

მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მართვის საერთაშორისო სისტემების (MSI- Management Systems International) მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს ახორციელებს ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’.