მომავალი ნაბიჯებით იქმნება

19 მარ, 2012

„მომავალი ნაბიჯებით იქმნება” ასოციაცია “ანიკას” პროექტია, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია “ანიკას” ცნობადობის  გაზრდა, რაც მას დაეხმარება ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ტიხრული მინანქრის საწარმოს პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში.

პროექტის ფარგლებში ასოციაციამ  მოდის სახლ „ავთანდილთან”თანამშრომლობა დაიწყო. ავთანდილის ესკიზების მიხედვით გოგონებმა  ტიხრული მინანქრის სამკაულები  დაამზადეს და ნამუშევრები ოქტომბერში თბილისის მოდის კვირეულზე წარმოადგინეს.  

ავთანდილმა  ეტლით მოსარგებლე გოგონებს საღამოს კაბები შეუკერა, რამაც მედიის დიდი დაინტერესება გამოიწვია და რუსთავი 2-ის” პოსტსკრიპტუმმა” სიუჟეტიც მიუძღვნა.

 „მიხარია, რომ ავთანდილის და ასოციაცია „ანიკას” თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა და  მედიის სათანადო ყურადღება მიიპყრო. ვფიქრობ, რომ ამ პროექტში მონაწილეობით, ავთანდილმა  სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითი მისცა კოლეგებს. იმედი მაქვს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება”- ანი ახალკაცი, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი.

პოსტსკრიპტუმის სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ:

ნაწილი  I :   

ნაწილი II:  

# # #

ასოციაცია “ანიკა” დაარსდა 1997 წელს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ.

“ცხოვრებისგან მიღებულმა პირადმა გამოცდილებამ გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა ჩვენს მიერ განვლილი შეცდომები თუ წარმატებები სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და თანამოაზრეებთან ერთად გვეზრუნა საქართველოში ინვალიდთა უფლებების დაცვის საკითხებზე”-“ანიკას” დამფუძნებელთა საბჭო.

“ანიკა” ერთერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შექმნა თანამედროვე დღის ცენტრი. ორგანიზაციამ, დროთა განმავლობაში, მოახერხა მრავაფეროვანი გაეხადა დაფინანსების წყაროები და საფუძველი ჩაეყარა ორგანიზაციის სოციალური საწარმოსათვის. არსებული მდგომარეობით ტიხრული მინანქრის სახელოსნო საკუთარ თავს ინახავს, რაც უკვე გარკვეული მიღწევაა. ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიერ შექმნილი კონკურენტუნარიანი პროდუქტის პოპულარიზაცია და გაყიდვები ეკონომიკური სარგებელის გარდა სხვა მიზნებსაც ემსახურება: იზრდება ორგანიზაციის ცნობადობა, მაღლდება ამ ადამიანების თვითშეფასება, ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება, რაც მომავალში როგორც პროდუქციის რეალიზაციაში, ასევე სხვა სახის მხარდაჭერაში შეუწყობს ასოციაციას ხელს.

ასოციაციის ანიკა დახმარების სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით ასოციაციის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს ირინა ინასარიძეს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ც. დადიანის ქ. #136, თბილისი, 0180, საქართველო

ტელ. +995 32 69 45 33/36/91

ელ.ფოსტა: ;