ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

21 იან, 2010

ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში 26 ივნისს – ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 2 ღონისძიება მიუძღვნა. სასტუმრო ,,თორში” გაიმართა პრესკონფერენცია და ზიანის შემცირების პრეს-კლუბის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება.    პრესკონფერენცია სათაურით – «ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი _ უკან» მიეძღვნა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ.
ახალი კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკის მოხმარების გამო ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება, ალტერნატიული მკურნალობა კი გაუქმდება.
კონფერენციის მონაწილეებმა ნათლად აღნიშნეს, რომ აღნიშნული ცვლილებები ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას არ უწობს ხელს და ეჭვის ქვეშ დგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების, კერძოდ, წამალდამოკიდებულთა მკურნალობის, აივ/შიდს-ის, ჰეპატიტებისა და სისხლით გადამდები სხვა ინფექციების პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელება.

ასეთი კანონმდებლობის ფონზე, ნარკოტიკების მომხმარებლები (რომლებიც აივ/შიდსი-ის, ჰეპატიტების და სისხლით გადამდები სხვა დაავადებების ძირითადი მატარებლები არიან) ვერ შეძლებენ პროფილაქტიკური ხასიათის პროგრამებში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მათ საკმაოდ მცირე არჩევანი რჩებათ…
ღონისძიების მეორე ნაწილი, ზიანის შემცირების პრეს-კლუბის პროექტის ფარგლებში ჩატარებული, ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენასა და დაჯილდოებას დაეთმო. კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა ზიანის შემცირების თემატიკისადმი მიძღვნილი საუკეთესო ნაშრომი. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული მასალების ავტორები.
ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიდგომა გულისხმობს შპრიცების გაცვლის, ჩანაცვლებითი თერაპიის და სხვ. პროგრამების მეშვეობით ნარკოტიკების არალეგალურ მოხმარებასთან დაკავშირებული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირებას.