პრესის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში შევიდა

11 მაი, 2010

აპრილის ბოლოს, საქართველოს პრესის ასოციაციამ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში პრეს კონფერენცია გამართა, რომელზეც საზოგადოებას პრესის გავრცელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ამცნო.

კანონონპროექტი ბეჭდური პროდუქციის გავრცელების თავისუფლებას, გავრცელების საშუალებათა მონოპოლიის აღკვეთას, თავისუფალი მეწარმეებისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად. 

საკანონმდებლო წინადადება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მომზადდა და  ოთხ კანონპროექტს მოიცავს. ერთ-ერთი ძირითადია ახალი კანონპროექტი “ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ”, ხოლო დანარჩენი გულისხმობს ცვლილებებს “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონში, “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” კანონში და “საქართველოს საგადასახადო კოდექსში”. 

“ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ”კანონის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელმშემწყობი პირობების შექმნა და ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა  თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისაგან. მეორე და მესამე კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზღუდავს უფლებას არეგულიროს ან აკრძალოს ჟურნალ-გაზეთების გარე ვაჭრობა. მეოთხე კანონპროექტის თანახმად ბეჭდური გამოცემების გაყიდვის ადგილებში (სტენდებზე, ჯიხურებში, დახლებზე) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გაუქმდება. „სუბიექტური აკრძალვის თავიდან ასაცილებლად” ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს დაეკისრებათ სტენდისა და ჯიხურისთვის ხუთ-ხუთი სანიმუშო ესკიზის შექმნა.

ასოციაციის დირექტორის, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, პარლამენტის მიერ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში გაიზრდება პრესის თავისუფლების გარანტია და მნიშვნელოვნად შემცირდება ბეჭდვითი მედიის წინაშე არსებული საფრთხეები.  ამ კანონის მიღება ასევე უზრუნველყოფს ამ სფეროში დასაქმებულთათვის საკანონმდებლო დონეზე სოციალური გარანტიების შექმნას. პრესის ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შექმნის ინიციატივა სწორედ იმ ქაოსის შედეგია, რაც დღეს პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს.

“დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პრესის გავრცელება. პრობლემები ზოგ შემთხვევაში დაკავშირებული იყო კანონთან-ზოგ შემთხვევაში-გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებასთან. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი გვინდა შევიტანოთ პარლამენტში, რათა წერტილი დაესვას ბეჭდვითი მედიის წინაშე არსებულ პრობლემებს და ამ სფეროში დასაქმებული პირებს, მათ შორის-სოციალურად დაუცველ უამრავ ადამიანს, რომლებიც  თავს ირჩენენ პრესის გავრცელებით”-აღნიშნავს ლაშა ტუღუში.

ბეჭდური მედიის თავისუფალი გავრცელება საფრთხის ქვეშ 2009 წელს დადგა, როდესაც ბაზარზე ყოველგვარ ტენდერში გამარჯვების გარეშე, კომპანია “ვაით დისტრიბუშენი” გამოჩნდა, რომელმაც დედაქალაქში პრესის ჯიხურების ჩადგმა დაიწყო, ხოლო დამოუკიდებელ  გამავრცელებლებს   ქუჩებში პრესის გავრცელება აეკრძალათ. მერიის თქმით, 2009 წლამდე არსებული ჯიხურები ქალაქის იერსახეს აფუჭებდა. სწორედ ამ მოტივით გახდა აუცილებელი ახალი, ესთეტური  ჯიხურების ჩადგმა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ბეჭდვითი პროდუქციისათვის პრიორიტეტების მინიჭებას რეალიზაციის თვალსაზრისით, რაც მარტივად შესაძლებელი იყო მონოპოლიზირებული ბაზრის პირობებში.

“როდესაც ჯიხური ქრება კონკრეტული ადგილიდან და 50 ათასი წერტილიდან მხოლოდ 1000 რჩება, ამ დროს ყველა გაზეთს ექმნება პრობლემა. ჩვენ გვინდა ეს საკითხი ყველა გაზეთის სასიკეთოდ გადავწყვიტოთ და ხელი შევუწყოთ კონკურენტული გარემოს შექმნას. მთავარია, არ შეიზღუდოს გავრცელება. “- აცხადებს გოგა თევდორაშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრის” მთავარი რედაქტორი.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. სიმბოლურია, რომ ის პარლამენტში სწორედ 3 მაისს, მედიის თავისუფლების დღეს შევიდა. ბიუროს გადაწყვეტილებით საპარლამენტო კომიტეტებს განხილვა დაევალათ. სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ კი სასესიო განხილვა გაიმართება.