რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საერთაშორისო სასამართლოებში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავს

22 იან, 2010

რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საერთაშორისო სასამართლოებში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავს 

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ისინი ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სარჩელების წარდგენაში დახმარებას სთავაზობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ იმ მოქალაქეებს, ვისაც აგვისტოს მოვლენების დროს დაეღუპათ ახლობლები, ვინც განიცადა არაადამიანური მოპყრობა და წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ვისი ქონება იქნა განადგურებული, მიმართონ ამ ორგანიზაციებს.  

როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის – “ადამიანის უფლება – პრიორიტეტია”, ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, მათი დახმარებით შედგენილი სარჩელები განსხვავებული იქნება საქართველოს მთავრობის სარჩელებისგან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების სარჩელი სახელმწიფოთაშორისია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროპის სასამართლოში შეტანილი სარჩელები კი შეეხება ადამიანის უფლებათა შელახვის კონკრეტულ ფაქტებს. 

საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში და ჰააგის სასამართლოში შეიტანა სარჩელები. 

დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში დაიცავენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ადამიანის უფლება – პრიორიტეტია”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “21-ე საუკუნე”. ორგანიზაციებს დახმარებას გაუწევს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.