რუსეთის პოლიტიკის ჰუმანიტარული ასპექტები-კვლევის პრეზენტაცია საქართველოში

25 იან, 2010

 

 

 27 ნოემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო კვლევის მიგნებების განხილვას მიეძღვნა. კვლევის თემას წარმოადგენდა “რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ”.  

აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ფართო აუდიტორიას კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევაზე 7 თვის მანძილზე მუშაობდნენ აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (ლატვია), გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი (ლიტვა), თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი), მოლდოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია (მოლდოვა), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), კიევ-მოგილიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის სკოლა (უკრაინა).  

კვლევის პროცესში განხილულ თემებს შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება, დაწყებული ეკონომიკური სანქციები, პასპორტიზაციის საკითხი და სხვა.  ყველა ეს თემა კონკრეტული ქვეყნების მაგალითებს ეფუძნებოდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოცემული თემის გარშემო ჩატარებული კვლევები გაერთიანდა და წიგნადაც კი გამოიცა  – „The ‘Humanitarian Dimension’ of Russian Foreign Policy in the C.I.S. and the Baltic States”.  

კონფერენციას  ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების, საქართველოს პარლამენტის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები;  საქართველოში არსებული შესაბამისი პროფილის კვლევითი ცენტრების ექსპერტები და ანალიტიკოსები. ღონისძიების ბოლო ნაწილში გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება. კონფერენციის მონაწილეებმა კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ, გამოთქვეს სურვილი მსგავსი კონფერენცია გაიმართოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც და კვლევის შედეგად გამოცემული წიგნი გამოვიდეს როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზეც.  

შედეგების წარდგენის ღონისძიება პროგრამის “აღმოსავლეთი – აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე”  ხელშეწყობით ჩატარდა. 

თამარ წერეთელი, ნინო კიკნაველიძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა