რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ჰააგის სასამართლოს პროკურორი გაეცნო

27 თებ, 2010

თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ანგარიშზე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს,  კერძოდ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი  “21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.

ამ ანგარიშით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპოც დაინტერესდა და 2 თებერვალს,  ანგარიშის სამუშაო ვერსიის გაცნობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.  

ანგარიში ძირითადად დევნილთა მონათხრობს ეფუძნება და შესაძლებლობას იძლევა მთელ მსოფლიოს და, მათ შორის,  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გავაცნოთ ერთად თავმოყრილი ფაქტები და დოკუმენტური მასალა საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ.

ანგარიშზე მუშაობისას გაანალიზდა 2008 წლის კონფლიქტის ამსახველი მასალა. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მომზადებული სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდა 1055 დევნილის ჩვენება, რომელიც დამუშავდა, როგორც სტატისტიკურად, ისე  ფაქტების დაპირისპირების მეთოდოლოგიით.

დაზარალებულთა ჩვენებების, დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებების გაცნობისა და ანალიზის, მოწმეთა მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის ნახვის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და მკვლევარების მასალებსა თუ განცხადებებზე დაყრდნობით სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას:      

“რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ე.წ “სამშვიდობო ოპერაციის”  ამოცანას წარმოადგენდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და მისი მოსაზღვრე სოფლებიდან ეთნიკური ქართველების განდევნა.  2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდა იყო კარგად ორგანიზებული და სისტემური ხასიათის ოპერაცია.”

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მოპოვებული მასალა  საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი და სისტემატური ხასიათის იყო სოფლებზე განხორციელებული იერიში. რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი სახლების, ბაღების, სახნავი მიწების, სკოლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ისევე როგორც  ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ  სახლების გადაწვა, სოფლების ბულდოზერით მიწასთან  გასწორება  და სხვა,  სწორედ ეთნიკური წმენდის ნათელი მაგალითია. ფაქტები ადასტურებს, რომ დაბომბვები, რომელსაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა,  დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ ხასიათს ატარებდა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან,  რომ თუ  დანაშაული ჩადენილია, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. საერთაშორისო სამართალი და დემოკრატიული სამყაროს მიერ შექმნილი დაცვის მექანიზმები თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველა შემთხვევაში, იმისდა  მიუხედავად, თუ რა სიდიდის ან გავლენისაა სახელმწიფო, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა ომი.