საბჭოთა წარსული ადამიანური ისტორიებით

5 თებ, 2013

 

2013 წლის 31 იანვარს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული პუბლიკაციის „საბჭოთა წარსულის გააზრება – დისკუსიები 2011″ და ფილმის „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები” პრეზენტაცია. 

პუბლიკაციაში „საბჭოთა წარსულის გააზრება – დისკუსიები 2011″, იმ დისკუსიების ტექსტური ვერსიებია თავმოყრილი, რომლებსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ერთი წლის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში მართავდა. დისკუსიების თემა საბჭოთა წარსულის გააზრება იყო და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა – საბჭოთა მწერლობას, კინოს, არქიტექტურას, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს, სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს, აკრძალულ ლიტერატურას, დისიდენტების მოღვაწეობას, საბჭოთა კავშირის დაშლას, ლუსტრაციის პოლიტიკას და ა.შ.

ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები” სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ასახავს. ფილმი თანმიმდევრულად მოგვითხრობს საქართველოში 1921-1956 წლებში განვითარებულ მოვლენებს და გვიჩვენებს იმ გავლენას, რომელიც ამ პროცესმა იქონია სხვადასხვა ოჯახზე და ადამიანზე.

 

ეს პროექტები მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლის, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებისათვის – შესაბამისად, შეექმნა თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.

საჯარო დისკუსიებს საბჭოთა წარსულის გააზრების შესახებ ჰქონდა ორი ასპექტი: ა) საგანმანათლებლო ასპექტი – მომხსენებლები თავიან ექსპერტიზას და ცოდნას უზიარებდნენ დამსწრე საზოგადოებას და ბ) დისკუსიები ემსახურებოდა ლიბერალური ღირებულებების ანალიზს და უახლოესი ისტორიული გამოცდილების გააზრებას თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით. შეიქმნა სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ხდებოდა ნაკლებად პოპულარული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი თემების განხილვა და გააზრება, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართულ კულტურასა და პოლიტიკას, აგრეთვე ყოველდღიურობას.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზეპირი ისტორიების ჩანაწერის გაკეთების გარდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარები რესპოდენტებისგან შემდგომში იღებენ ფოტო მასალას, დოკუმენტებს, წერილებს, რომელიც ემატება ორგანიზაციის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ არქივს. არქივი სამომავლოდ უნდა იქცეს ერთიანი ღია სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს საბჭოთა ისტორიის მკვლევარებსა და უბრალოდ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა პერიოდზე, ადამიანზე, ამბავზე და ფენომენზე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

წარმოდგენილი მასალა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, რაც თავის მხრივ, ღია საზოგადოების ჩამოყალიბების და ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

თბილისში არსებობს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის უცნობია იმ კონკრეტული სახლების ადგილმდებარეობა, სადაც განთავსებული იყო სტალინურ ტერორთან, რეპრესიებთან და საქართველოს საბჭოთა ისტორიასთან დაკავშირებული სახელმწიფო დაწესებულებები; შენობები, სადაც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს სამოცდაათწლიანი საბჭოთა მმართველობის პერიოდში.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ინტერაქტიულ რუკაზე ატვირთა ის თემატური მარშრუტები, რომელიც დაინტერესებულ პირებს უკეთ გააცნობს საბჭოთა ისტორიის კონკრეტულ პერიოდსა თუ დეტალს.

საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.sovlab.ge

 

ღონისძიებები 2011 და 2012 წლებში ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერილი პროექტების „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება” და „რეგიონული პლატფორმა – საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის” ფარგლებში განხორციელდა.