საერთაშორისო დახმარების 1 წლის მონიტორინგის შედეგები კოალიციისგან ”გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს”

26 იან, 2010

 

 

22 ოქტომბერს, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” მიერ დაფუძნებულმა კოალიციამ “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” ომის შემდგომ საქართველოსთვის გამოყოფილი 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის  ფინანსური დახმარების 1 წლის მონიტორინგის შედეგები  წარმოადგინა. 

აღნიშნული დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა 2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე  აღუთქვეს. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,    საქართველომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარება უნდა მიიღოს. დახმარების პრიორიტეტული სფეროებია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკულ პროექტები, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების აშენება. მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო  პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების კუთხითაც. 

ვინაიდან დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბრიუსელის კონფერენციის შედეგად დაპირებული დახმარება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის  და ეს თანხები ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ჩამოყალიბდა კოალიცია “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის”. კოალიცია ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობას, მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებას და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდას ისახავდა მიზნად. 

კონფერენცია ფონდის შემაჯამებელი გამოსვლით დაიწყო. ძირითადი აქცენტი მონიტორინგის დადებით და უარყოფით შედეგებზე გაკეთდა. “მთელი ამ პროცესის დადებითი მხარე ის არის, რომ ფინანსთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავდა გამჭვირვალობის პრინციპს და კოალიციასთან აქტიურად თანამშრომლობდა. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ეს ძირითადად ეხება დარღვევებს ტენდერების გამოცხადებასთან და მომდევნო პროცესთან დაკავშირებით.  ამ კუთხით უარყოფითი ტენდენცია გზების რეკონსტრუქციასთან და დევნილთა სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით გამოვლინდა. თუმცა მონიტორინგი ბევრ სხვა კომპონენტსაც მოიცავდა და მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლებით” -აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და ასოციაციამ “მწვანე ალტერნატივა”  გააკეთეს მოხსენებები თემაზე: დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მონიტორინგის 1 წლის შედეგები, დონორთა მიერ გაწეული დახმარების ზეგავლენა წლების შემდგომ საქართველოს მოსახლეობაზე, გამოყოფილი კრედიტების გრძელვადიანი სარგებლის  და მთავრობის მიერ დახმარების განკარგვის გამჭვირვალობის ანალიზი. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი გვინდაძემ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის დაპირებულ მხარდაჭერაზე და დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და სამომავლო პროგნოზები წარმოადგინა.  

კოალიციის წევრები არიან: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,  “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “კივიტას გეორგიკა“, მწვანე ალტერნატივა“, და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. 

 

ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულება