საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის

15 ნოე, 2010

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მედია გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს, 12 ნოემბერს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა და იმავე დღეს, საინიციატივო ჯგუფის მიერ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარედგინა.

იურისტებისა და ჟურნალისტებისაგან შემდგარმა ჯგუფმა (ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ელისო ჩაფიძე, გიორგი ჩხეიძე,  ნინო დანელია) საკანონმდებლო წინანადადებაზე მუშაობა 2010 წლის ივლისში ფონდ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “მედია გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესება” ფარგლებში დაიწყო.

საინიციატივო ჯგუფის წინადადების პარალელურად 12 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განსახილველად შევიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საფუძვლად დაედო პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის 26 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედია მფლობელთა გამჭვირვალობა. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მედიაექსპერტებისეული ვერსია ეხება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, მაუწყებლის შესახებ კანონს და მოიცავს ცვლილებებს რვა საკანონმდებლო აქტში. “შეტანილი ცვლილებები უზრუნველყოფს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც დაკავშირებულია მაუწყებელთა საკუთრების კონცენტრაციასა და მესაკუთრეთა გამჭვირვალობასთან, ფინანსურ გამჭვირვალობასა და ინტერესთა კონფლიქტებთან, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტთან”- აღნიშნავს ჯგუფის კოორდინატორი, გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში. განსაკუთრებული აქცენტია მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის ოფშორებიდან საკუთრებაში მონაწილეობაზე.  

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით ცვლილებები შედის მხოლოდ მაუწყებელთა შესახებ კანონში და  ზემოთ ჩამოთვლილთაგან კრძალავს მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებას 10%-ზე მეტი წილის მფლობელობის შემთხვევაში. ჯგუფის წევრთა განცხადებით მხოლოდ ამ პუნქტის ცვლილება სასურველ შედეგს არ გამოიღებს. “იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ერთ საკითხზე იქნება აქცენტი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, რომ დავარწმუნოთ ისინი სხვა, ჩვენს მიერ წინ წამოწეული საკითხების მნიშვნელობაში.”-აღნიშნავს ნინო დანელია.

12 ნოემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას მედია გარემოს გაუმჯობესების საკითხებში. საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილის კენტ ლოგსდონის თქმით “მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ საინიციატივო ჯგუფთან და არასამთავრობო სექტორთან ითანამშრომლოს და ამ ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი განიხილოს. მხოლოდ ასეთი დიალოგი შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაუმჯობესებას. მედია უნდა გახდეს უფრო თავისუფალი და ხალხისთვის ხელმისაწვდომი.”

საერთაშორისო მედია ექსპერტს, Access info Europe-ის აღმასრულებელი დირექტორს ჰელენ დარბიში მიესალმება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის წინ წამოწევას ცვლილებათა პაკეტში. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ კოდექსში შემავალი პუნქტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.  ეს ხელს შეუწყობს მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობას და მოქალაქეებისთვის ღია და ხელიმსაწვდომი მედიის განვითარებას.”  

ნახეთ მედია მაცნე, რომელიც დეტალურად გაგაცნობთ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ ცვლილებებს.

უყურეთ, მოისმინეთ, წაიკითხეთ თუ როგორ აშუქებს ქართული მედია საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული მოვლენებს.

გაგვიზიარეთ მოსაზრებები Facebook-ის მეშვეობით.