საკუთრების უფლების დაცვის პრობლემები საქართველოს ტურისტულ ზონებში

5 აპრ, 2011

5 აპრილს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”  გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია “საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში”. მოცემულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გონიოში 271 მოქალაქისათვის 2007-2010 წლებში საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე.

სოფ. გონიოს მაგალითზე მომზადებული ანგარიში კვლევის პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა” ფარგლებში ხორციელდება. პროექტზე მუშაობს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” და “საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია”. მესტიაში, გონიოსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე, ორგანიზაციები საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს შეისწავლიან, ასევე აგროვებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით.

“ჩვენი ანგარიში ეყრდნობა როგორც მოსახლეობასთან გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას, ასევე ფოტომასალას, წერილებით მიღებულ ინფორმაციას და რაც მთავარია, კომისიის გადაწყვეტილებას”- ამბობს კახა კოჟორიძე.

სოფელი გონიო ერთადერთი არ არის იმ ტერიტორიებს შორის, სადაც მოსახლეობის საკუთრების უფლება ირღვევა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სახელმწიფოს მიერ ტურისტულ ზონებად გამოცხადებულ მესტიაში, ანაკლიაში და შავი ზღვის მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე. “კარგია, როცა ინვესტორთა დაინტერესება იზრდება.  ეს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ქმნის. თუმცა, გარდა დადებითი შედეგისა, აღნიშნული ტერიტორიების ტურისტულ ზონებად გადაქცევას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ეწირება. ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩეს საკუთრების შელახვის ფაქტები, რომ მოვახდინოთ ამგვარი შემთხვევების პრევენცია და აღმოფხვრა. გვინდა რეკომენდაციები შევთავაზოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სისტემურად”- ამბობს   ქეთი ხუციშვილი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

სოფ. გონიოს შემთხვევა ანგარიშში სამართლებრივად არის შეფასებული. 2010 წლის ნოემბრიდან გონიოში მცხოვრებ 271 მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიებისგან სხვადასხვა პერიოდულობით დაურიგდა შეტყობინებები მათი საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ. გონიოს დაზარალებულ მოსახლეობასთან გასაუბრებების დროს გაირკვა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ჩამორთმეული მიწების სანაცვლად არანაირი სახის კომპენსაციას არ სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მზად არის, ალტერნატიული ადგილის ან კომპენსაციის შეთავაზების შემთხვევაში, ხელისუფლებას მიწები საკუთარი ნებით გადასცეს. “ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის კომპენსაციით უზრუნველყოფა და კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა.”- ამბობს კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

შესწავლის პროცესშია სვანეთის შემთხვევები, სადაც მოსახლეობა უძრავ ქონებას საუკუნეების განმავლობაში “ტრადიციულ საკუთრებაში” ფლობდა და, როგორც წესი, ეს ქონება რეგისტრირებული არ არის.

ანგარიშის მომდევნო ეტაპს  ორგანიზაციები უახლოეს მომავალში წარუდგენენ საზოგადოებას.

იხ. პრეს რელიზი.

იხ. ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ნახეთ, მოისმინეთ, უყურეთ როგორ აშუქებს მედია ანგარიშის პრეზენტაციას.

ესტუმრეთ სექციას ”ფოტო გალერეა”.