საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში-დაბა მესტიის მაგალითი

8 ივლ, 2011

ანგარიშის პრეზენტაცია
დრო: 12 ივლისი, 12 საათი
ადგილი: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, ჭოველიძის ქ.10

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ მას შემდეგ დადგა, რაც სვანეთის, ანაკლიის, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიები ტურისტულ ზონებად გამოცხადდა და ინფრასტრუქტურული განვითარების ფართომასშტაბიანი პროექტები დაიწყო. გაიზარდა პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესებაც, რაც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ქმნის. თუმცა, გარდა დადებითი შედეგისა, აღნიშნული ტერიტორიების ტურისტულ ზონებად გადაქცევას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები შეეწირა.

ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების მიმართ გამძაფრებული ინტერესის ფონზე, არაერთხელ დაფიქსირდა ამგვარ ზონებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები.
საჭირო გახდა ამ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია”), ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დახმარებით პროექტის “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა” განხორციელება დაიწყო და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. ასევე აგროვებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით.

პროექტის მეორე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია 12 ივლისს, 12 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისშია დაგეგმილი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სვანეთის, კერძოდ კი დაბა მესტიის მკვიდრთათვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები, ასევე საუკუნეების განმავლობაში “ტრადიციულ მფლობელობაში” არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებული სირთულეები. მოხსენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.

კვლევის პირველი ეტაპის შედეგები საზოგადოებას აპრილის თვეში წარედგინა, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო სოფელ გონიოში ორასზე მეტი მოქალაქისთვის საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე.

პრეზენტაციას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ანგარიში ხელმისაწვდომია სრულად ქართულ და ინგლსურ ენებზე.

კონტაქტი: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”. ტელ: 595 22 19 99; ელ.ფოსტა: