საუბარი ჯანდაცვის სისტემებზე ჟურნალისტებთან

30 ოქტ, 2012

24-27 ოქტომბერს, ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის “ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და მედია”.

ტრენინგში მონაწილეობა 15-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან.

‘მთავრობის ცვლილებასთან ერთად დაიწყო აქტიური საუბარი ახალ სამთავრობო გეგმებზე, მათ შორის ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნის ახალ ხედვებზე. შესაბამისად, გაიზარდა ჟურნალისტთა ინტერესი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების უფრო დეტალურად გაცნობის კუთხით. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ ჟურნალისტების ჩაღრმავებული ტრენინგის ჩატარება მათთვის საინტერესო საკითხებზე. ისინი უნდა იცნობდნენ საკითხს რომ დასვან კვალიფიციური კითხვები და უზრუნველყონ საკითხის მაღალ პროფესიულ დონეზე გაშუქება”- ამბობს ნინო კიკნაძე, ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ წარმომადგენელი.

ტრენინგზე მოწვეულმა ექსპერტებმა დავით გზირიშვილმა, ამირან გამყრელიძემ და გივი ჯავაშვილმა დეტალურად განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მოწყობა, ადამიანის უფლებები ჯანდაცვის კუთხით, ისაუბრეს სოციალური და ჯანდაცვის სისტემების ევოლუციაზე საქართველოს მაგალითზე, გლობალური ჯანმრთელობის ტენდენციებზე 21-ე საუკუნეში, პაციენტის უფლებებზე, პალიატიურ მზრუნველობაზე და საკუთარ ხედვებზე, თუ როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა საქართველოში.  

ტრენინგის ერთერთი მონაწილე, ინტერპრესნიუსის ქუთაისის ოფისის კორესპონდენტი დავით ლიკლიკაძე აღნიშნავს: ‘ჩვენ, რეგიონში მცხოვრები ჟურნალისტები, ნამდვილად არ ვართ განებივრებულნი ისეთ  ექსპერტებთან შეხვედრით, რომელთაც ამ ტრენინგზე შევხვდით. გარდა იმისა, რომ კარგად უნდა ვიცოდეთ თემა, რაზეც ვწერთ, ხშირად გვაქვს პრობლემები  ამა თუ იმ სფეროში საიმედო რესპოდენტის მოძიების.   ვფიქრობ ეს ტრენინგი კარგი საშუალება იყო ამ კონტაქტების გამყარებისთვის, რათა ჩვენ ხვალ უკეთესად შევძლოთ ჯანდაცვის თემაზე წერა. მიმაჩნია, განათლება უწყვეტი პროცესია და თუ მე ამ პროცესში  ჩართული ვიქნები, არასოდეს  მოვძველდები პროფესიულად”.

 

ფოტოგალერეა.

ნახეთ ვიდეო: