ტაჯიკეთისა და და ყირგიზეთის წარმომადგენლები ბიუჯეტის გამჭვირვალობის გამოცდილების შესასწავლად საქართველოს ეწვივნენ

5 ივლ, 2012

2012 წლის მაისში ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე ქართული გამოცდილების შესასწავლად საქართველოში იმყოფებოდნენ ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესტუმრნენ რუსთავის მერიას, რუსთავის იუსტიციის სახლს, გორის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მოქალაქეთა ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება,  მოქალაქეთა მომსახურების ბიუროსა და ეკონომიკური განვითარების გაერთიანებული სამსახურის მუშაობის პრინციპები და თვითმმართველობის სამოქალაქო მისაღების ფუნქციონირება მათი ინტერესის მთავარ სფეროებად იქცა. სტუმრები გაეცნენ ელექტრონული ხაზინის ადმინისტრირების, სისტემის მუშაობის სხვადასხვა ასპექტებისა და ელექტრონული ბიუჯეტირების საკითხებსაც. უშუალოდ დაესწრნენ რამდენიმე მუნიციპალური ადმინისტრაციული პროცედურის განხორციელებას.

ქართველ ექსპერტებთან შეხვედრებისას სტუმრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ბიუჯეტის კლასიფიკაციასაც, საბიუჯეტო შემოსავლებსა და მათ განაწილებას ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის, ფისკალურ დეცენტრალიზაციას საქართველოში, საბიუჯეტო ხარჯებსა და პროგრამულ ბიუჯეტირებას, საქართველოს საგადასახადო პოლიტიკას, მოქალაქეთა მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესებში, ბიუჯეტის შესრულების საჯაროობას და სხვა საკითხებს. 

ელექტრონული ბიუჯეტირების შესახებ საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში საქართველოს წარმომადგენლებიც გაემგზავრებიან. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი ივლისსა და აგვისტოში იგეგმება. ტაჯიკ და ყირგიზ კოლეგებთან შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესებისა და მისი გამჭვირვალობის საკითხებს და საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის მეთოდოლოგიის შემუშავებას. ტაჯიკეთში გაიმართება დასკვნითი პრეზენტაცია თემაზე: „საჯარო მოსმენები, როგორც ბიუჯეტის გამჭვირვალობის ელემენტი”

###

ვიზიტი პროგრამის “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (საქართველო), საჯარო პოლიტიკის ცენტრის (ყირგიზეთი) და მუნიციპალური განვითარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ცენტრის (ტაჯიკეთი) თანამშრომლობით განხორციელდა.