ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოწოდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ

20 იან, 2010

პრეს-რელიზი
13 ნოემბერი, 2007 წელი

 

საკონტაქტო პირი:  Amy Weil

1-212-548-0381 / 1-917-439-4922

ნიუ-იორკი – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად, ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დაუყონებლივ გაუქმებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების 5 იანვარს დანიშვნის შესახებ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო მარათონის დაწყებამდე. ყველა კანდიდატი თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს მედიასთან ურთიერთობისას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ საშუალება შეუფერხებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებში. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”  აცხადებს მზადყოფნას ჩართული იყოს არჩევნების მონიტორინგის პროცესში.

ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ მედიის დამოუკიდებლად ფუნქციონირების აღდგენას და დამოუკიდებელი კომისიის შექმნას, რომელიც განიხილავს დაპატიმრებების, ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენებისა და კერძო საკუთრების ხელყოფისა და კონფისკაციის იმ შემთხვევებს, რომელთა ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი დებატები არსებობს.

ჩვენ ყველა მხარეს მოუწოდებთ მიაღწიონ კონსესუსს დიალოგის გზით, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის გასაძლიერებლად.