შეხვედრა ზალცბურგის სამედიცინო სემინარების მონაწილე ექიმებთან

3 ოქტ, 2011

29 სექტემბერს ფონდის ოფისში გაიმართა შეხვედრა ზალცბურგის სამედიცინო სემინარების მონაწილე ექიმებთან. მათ ზალცბურგში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ფონდის წარმომადგენლებს და კოლეგებს  გაუზიარეს რეკომენდაციები სემინარების კონკრეტული ასპექტების გაუმჯობესებისათვის.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რამდენად სასარგებლოა თქვენთვის სემინარები. ასევე გვინდა მოვისმინოთ თქვენი რეკომენდაციები, რომ პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწოს”-აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ქეთი ხუციშვილმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ზალცბურგის სამედიცინო სემინარები ამერიკულ-ავსტრიული ფონდის ინიციატივაა, რომელსაც მსოფლიოს 109 ქვეყანასა და რეგიონში მართავს ,,ღია სამედიცინო ინსტიტუტი”. პროგრამის მისიაა გააუმჯობესოს ჯანდაცვის სფერო განვითარებად ქვეყნებში, მსოფლიოს მასშტაბით შექმნას ალიანსი ექიმებს შორის და ამ გზით ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ ზრდას.

ზალცბურგის სასწავლო პროგრამა 1993 წლიდან მოქმედებს და საქართველოდან მასში ყოველწლიურად 30-მდე ექიმი მონაწილეობს. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და წარმოადგენს სამსაფეხურიან საგანმანათლებლო ციკლს: ცოდნის გადაცემა (სემინარები) – გამოცდილებების გაცვლა (ინტერნშიფი) – დისტანციური სწავლება (ღია სამედიცინო კლუბები, ელექტრონული ბიბლიოთეკა და მასალები, სატელიტური სიმპოზიუმები).

სემინარები მედიცინის, თითქმის ყველა დარგს მოიცავს: დერმატოლოგია, ოტოლარინგოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია, ფსიქიატრია, მეან-გინეკოლოგია/რეპროდუქციული მედიცინა, პედიატრიული ორთოპედია და მრავალი სხვა.

სემინარში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა ქართველი ექიმებისათვის, გაეცნენ მედიცინის ახალ მიმართულებებს, რომლებიც საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალია; დაამყარეს კონტაქტები თავიანთი სფეროს წარმომადგენლებთან, გაეცნენ თანამედროვე პროტოკოლების გამოყენებას და თანამედროვე მიდგომებს მედიცინის სხვადასხვა დარგებში.

“პალიატიური მედიცინა საქართველოში განვითარების ეტაპზეა, ამიტომ ჩვენთვის ამ სემინარში მონაწილეობა არა მხოლოდ თეორული, არამედ კარგი პრაქტიკული გამოცდილება იყო. ვიყოფოდით ჯგუფებად და დეტალურად განვიხილავდით კონკრეტულ შემთხვევებს, ადგილზევე ხდებოდა ტკივილგამაყუჩებლების დოზების გამოთვლა. ოპიოიდების დოზირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პაციენტზე მზრუნველობისას სიცოცხლის ბოლო ეტაპზე”-აღნიშნა ფატი ძოწენიძემ, ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტმა და პალიატიური მედიცინის ეროვნული ასოციაციის წევრმა.

სემინარში მონაწილე ექიმებს სემინარის ორგანიზატორები სახელმძღვანელოებს და ვიდეომასალასაც ურიგებენ.

ნათია სხვიტარიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ასისტენტი, რომელიც ზალცბურგში “დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის” სემინარზე იმყოფებოდა ამბობს, რომ მიწოდებულ სახელმძღვანელოებზე დიდი მოთხოვნაა მისი კოლეგების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს რომ სემინარზე წაკითხული მასალის მიღება იმ ექიმებსაც შეუძლიათ, რომლებიც მასში თავად ვერ მონაწილეობენ.

ნახეთ მიმდინარე კონკურსი.