წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა

28 სექ, 2012

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სლოვაკურმა ორგანიზაციამ „მემო 98″-მა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. შეფასებები გააკეთეს მოწვეულმა უცხოელმა მედიაექსპერტებმა მარეკ მრაჩკამ და ბარეკ მოინამ.

შედეგები მოიცავს პერიოდს 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

3 თვის მანძილზე დაკვირვება განხორციელდა შემდეგი ტელევიზიების საუკეთესო საეთერო დროზე (19:00 საათიდან 24:00):საზოგადოებრივი მაუწყებელი-I არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ, 25-ე არხი, აჭარის ტელევიზია, ტვ რიონი, მეგა ტვ.

მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა 14 სექტემბერს. 21 სექტემბერს გამოქვეყნდა ქართული მედიასაშუალებების მიერ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გაშუქების მონიტორინგის შედეგები.

11 ტელევიზიის მაუწყებლობა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შემდეგი პარამეტრების მიხედვით შეაფასა: ინფორმაციის სიზუსტე, მრავალფეროვანი აზრების წარმოჩენა, ინფორმაციის აქტუალობა, მაუწყებლობის დროს გამოყენებული ტონი, დაბალანსებულობა და მოძიებული მასალის გამოყენება მომზადებულ სიუჟეტებში.

 

გთავაზობთ მონიტორინგის შედეგების მოკლე აღწერას:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა ბევრი დადებითი ტენდენცია და მაუწყებლობის საქმიანობა შედარებით გაუმჯობესდა. მიუხედავად სხვადასხვა ტელევიზიის განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკისა და ორიენტაციისა, ტელევიზიების უმრავლესობა ცდილობს დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები. მიუხედავად ამისა, არის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.

კერძო და საზოგადოებრივმა ტელევიზიებმა გააშუქეს საარჩევნო თემატიკა, როგორც თოქშოუებში, ასევე სხვადასხვა პროგრამაში და ამით მაყურებელს შესაძლებლობა მისცეს შეედარებინათ წარმოდგენილი კანდიდატები და მათი პარტიები.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კავკასიის გარდა, დანარჩენმა სატელევიზიო არხებმა ვერ უზრუნველყვეს საარჩევნო კამპანიის დაბალანსებულად გაშუქება საინფორმაციო გადაცემებში. ამიტომ, მაყურებელს ობიექტური აზრის შესაქმნელად სხვადასხვა არხის ყურება სჭირდებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული ტელევიზიები, რომლებიც განსხავდებიან სარედაქციო სტილით, ვერ ახერხებენ ჩამოაყალიბონ დებატების ტონი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ზოგადად გამოიკვეთა საარჩევნო კამპანიის ანალიტიკურად გაშუქების უნარი, განსაკუთრებით ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით.

ციხეებში მომხდარმა მოვლენებმა ზეგავლენა იქონია მედიაზე და ამავდროულად გამოააშკარავა, რომ თვითრეგულირების მექანიზმმა ვერ უზრუნველყო ადამიანების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა.

საზოგადოების მოლოდინი საზოგადოებრივი მაუწყებელის მიმართ გულისხმობს, საინტერესო და აქტუალური მოვლენების და საკითხების მრავალმხრივ გაშუქებას და მიუკერძოებლობას. პროექტის პირველადი ანგარიშებში გამოიკვეთა მხარდამჭერი დამოკიდებულება მთავრობისადმი. თუმცა, ხანგრძლივობის და მრავალფეროვნების კუთხით, მან გააუმჯობესა საქმიანობა და უფრო მეტი ინფორმაცია შესთავაზა მაყურებელს პოლიტიკურ მოთამაშეებზე და მიმდინარეობებზე. მოგვიანებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მისი პროგრამები კიდევ უფრო გაუმჯობესდა სიზუსტის და ამბების სიახლის კუთხით, ასევე წარმოდგენილი მოსაზრებების და კომენტარების ფართო სპექტრით. პერიოდულად, მან ვერ უზრუნველყო მნიშვნელოვანი ახალი ამბების დროული გადმოცემა. მისი ზოგი პროგრამა და განსაკუთრებით თოქშოუები, ამჟღავნებდნენ ბალანსის ნაკლებობას და სათანადო მოკვლევის არარსებობას.

რუსთავი 2 მაღალ პროფესიული დონის კერძო ტელევიზიაა, რომელიც მაყურებელს წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის და მისი მხარდამჭერების საქმიანობის ინფორმაციას დადებით კონტექსტში სთავაზობს. ტელევიზიამ ოპოზიციას არათანაბრად დაუთმო დრო და დაარღვია ბალანსი. რუსთავი 2-მა თოქშოუების მაუწყებლობის კუთხით მონაწილეებს თანაბრად დაუთმო დრო, თუმცა თოქშოუების ფასილიტაცია და პროფესიულად მართვა პრობლემად რჩება.

იმედი ასევე დროულად აშუქებს არჩევნების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ აქაც იკვეთება მმართველი პარტიის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. რუსთავი 2 და იმედი ვერ ახერხებენ მმართველი პარტიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოპოვებას.

რეალ ტვ, ასევე კერძო კომპანია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო ინტენსიურად გადმოსცემს არჩევნების თემასთან დაკავშირებულ პროგრამებს, თუმცა ხშირად ვერ ახრეხებს შინაარსის ფაქტებით გამყარებას და ოპოზიციური პარტიების მიმართ გამოკვეთილად უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

მე-9 არხი დროულად და ვრცლად გადმოსცემს სიახლეებს, ფაქტები და მოსაზრებები გამიჯნულია, მაგრამ, არხი ვერ იცავს ბალანსს და ადგილი აქვს ხელისუფლების საქმიანობის ფართოდ გაშუქებას. პროგრამების წამყვანების ხარისხიც განსხვავებულია, ზოგი მათგანი მომზადებულია გადაცემისთვის, ზოგი კი ამჟღავნებს გადაცემის თემის ზედაპირულ ცოდნას.

მაესტრო შედარებით დაბალანსებულად გადმოსცემს ამბებს და მოვლენებს, როგორც ცენტრალურ ასევე რეგიონული მასშტაბით. ახალი ამბების დეტალური გადმოცემისას, არხის მაუწყებლობა გამოკვეთილად კრიტიკულია მმართველი პარტიის მიმართ. თოქ შოუებს კვლავ აქვთ პრობლემები სარედაქციო საკითხებთან.

კავკასიამ გამოამჟღავნა საინფორმაციო პროგრამების მაღალი ხარისხი, სადაც მოყვანილია წყაროები. თემები კარგადაა შერჩეული. თოქშოუების ხარისხზე იმოქმედა წამყვანის ტონმა და მიუკერძოებლობამ.

აჭარა – რეგიონული ტელევიზია, კარგად არჩევს თემებს და ახალი ამბები ძირითადად ფაქტებს ეყრდობა, თუმცა იგი მიკერძოებულია ხელისუფლების სასარგებლოდ და კრიტიკული ოპოზიციის მიმართ.

25-ე არხი წარმატებულად და სწორედ არჩევს თემებს, ფაქტები და მოსაზრებები გამიჯნულია. თუმცა არასათანადადოდაა გამოვკლეული შერჩეული თემები. თემები ასევე მოკლებულია სიღრმეს. არხის პროგრამები დაბალანსებულია. თანაბრად ხდება ხელისუფლების და ოპოზიციის გაშუქება. არ ვლინდება მიკერძოებულობა რომელიმე მხარის მიმართ.

ტელევიზია რიონი ადგილობრივ მოვლენებს აშუქებს, თუმცა მაყურებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევებში აქტუალობას და ინტერესს მოკლებულია. პროგრამები ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ სიღრმეს მოკლებულია და ადგილი აქვს მოკვლვევითი მასალის სიმწირეს. უნდა აღინიშნოს პოლიტიკური თოქშოუების წამყვანების მზაობა და მათი ინფორმირებულობა საკითხებთან დაკავშირებით.

მეგა ტვ კვირაში ორი პროგრამით მაუწყებლობს, ქმნის მისაღები ხარისხის საინფორმაციო პროგრამებს, თუმცა მნიშვნელოვანი ამბების ნაკლებობით ხასიათდება. ასევე სახეზეა ფაქტების და კომენტარების გამიჯვნის პრობლემა.

 

ნახეთ ვიდეო.