ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა და დარგი საქართველოში, ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით, ეხლა ყალიბდება

22 იან, 2010

ჯანმრთელობის დაცვის სამართალი

პაციენტის, მარგინალური ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის უფლებები  

როგორც ცნობილია იურისპრუდენცია მოიცავს სხვადასხვა დისციპლინებს, როგორიცაა სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და სხვა. მსოფლიოში აღიარებულ დისციპლინას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, რომელიც აერთიანებს პაციენტის და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის უფლებებსა და ვალდებულებებს, მარგინალური ჯგუფების უფლებებს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, სასამართლო საქმისწარმოებას, ზიანის ანაზღაურების პრინციპებს და სხვა, თუმცა საქართველოს სინამდვილეში ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა და დარგი ეხლა ყალიბდება, შესაბამისად საზოგადოების წარმოადგენა “ჯანმრთელობის დაცვის სამართალთან” მიმართებაში ძალზედ მწირია. არ არის აღქმული მისი მნიშვნელობა და საჭიროება.

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტის ექსპერტთა ხელშეწყობით მოხდა „ჯანმრთელობის დაცვის სამართლის” კურიკულუმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ხდება ზემოაღნიშნული საგნის სწავლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

სწავლების კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებში /მსმენელებში/ მოხდეს ცნობიერების დონის ამაღლება „ჯანმრთელობის დაცვის” სამართალში, მათ შეძლონ კანონის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენება ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანის უფლებათა დასაცავად, საზოგადოების და მასში არსებული მარგინალური ჯგუფების, ასევე ზოგადად პაციენტის სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვა. 

სწავლების მიზანია ასევე სტუდენტებისათვის /მსმენელთათვის/ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკური და სამართლებრივი საფუძვლების და ამ სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გაცობა, კონკრეტული შემთხვევების ეთიკური და სამართლებრივი ანალიზის მარტივი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე მოტივაციის ჩამოყალიბება აღნიშნულ სფეროში უფრო ღრამა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენისათვის.

სტუდენტები /მსმენელები/ გაეცნობიან ერთის მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების ეთიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს, თითოეული კონკრეტული უფლების არსს, ხოლო მეორე მხრივ, ექიმის მოვალეობებს პაციენტის, აგრეთვე კოლეგების და, საერთოდ საზოგადოების მიმართ. მსმენელებს, აგრეთვე მიეწოდებათ ინფორმაცია ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ერთამნეთთან კავშირის შესახებ, ასევე ექიმის უფლებების და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციის საფუძვლების შესახებ. მათ შეექმნებათ წარმოდგენა, როგორ აწესრიგებს ექიმის და პაციენტის ურთიერთობის, ექიმის პროფესიული საქმიანობის ამა თუ იმ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა, როგორ უნდა მიუსადაგოს მოქალაქემ კონკრეტულ შემთხვევას ესა თუ ის ნორმატიული აქტი. ჯგუფებში მუშაობისას მსმენელებს მიეცემათ საშუალება, თვითონ გააანალიზონ მათთვის წარმოდგენილი შემთხვევები, გამოიყენონ ლექციებზე მიღებული ინფორმაცია და დამოუკიდებლად მოძებნონ გამოსავალი სიტუაციიდან თანამედროვე სამედიცინო ეთიკის პრინციპების გათვალისწინებით, არსებული კანონმდებლობის საფუძვლებზე.

 “ჯანმრთელობის დაცვის სამართლის” კურსი მოიცავს 5 ძირითად მოდულს:

1. ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, პაციენტის, მარგინალური ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის უფლებები. ჯანდაცვის კანონმდებლობა
წინამდებარე მოდულის გავლა სტუდენტებს /მსმენელებს/ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ თუ როგორია კანონისა და ეთიკის როლი სამედიცინო მომსახურების გაწევისას, რა არის ევთანაზია და ბიოეთიკა, თუ როგორია პაციენტისა და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვის განხორციელების მექანიზმები და მარგინალური ჯგუფებისადმი მიდგომა საქართველოში და ასევე მსოფლიო პრაქტიკა. ამ მოდულის უმთავრესი მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ყველა ის კანონი, რომელიც მოქმედებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში.

2. ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა
ამ მოდულის გავლის დროს სტუდენტებს /მსმენელებს/ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ საკითხებს ჯანდაცვის ფინანსირებიდან, საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებს, ასევე ჯანმრთელობის სისტემის მოწყობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მოდული მოიცავს საკითხებს რეგულირების სფეროდან /აკრედიტაცია, სერთიფიცირება, ლიცენზირება/;

3. ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, სასამართლო საქმის წარმოება, სოციალური სტერი და სტიგმა
აღნიშნული მოდული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სტრესი და ფსიქოსოციალური გარემო, სოციალური სტრესი და მისი სტრუქტურა, სექსუალურ უმცირესობათა ჯანმრთელობა და სტიგმა. მუხლები სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯანდაცვასთან მიმართებაში, რა არის ექიმის შეცდომა და რა დროს აქვს პაციენტს უფლება მიმართოს სასმართლოს. მოდული ითვალისწინებს ორი იმიტირებული სასამართლო პროცესის წარმართვას.

4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომპონენტი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოდულის გავლის პროცესში სტუდენტებს /მსმენელებს/ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრებას, მის დეტერმინანტებს, ძირითად ფუნქციებს და ადამიანის უფლებებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ასევე შეისწავლონ თუ რა არის ბიოტერეორიზმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პიროვნების უფლებები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა (სავალდებულო გამოკვლევა/ ტესტირება, იმუნიზაცია, კარანტინი და იზოლაცია);

5.  ჯანდაცვის სამართალი და მისი კომუნიკაცია. მედია და მისი როლი
აღნიშნული მოდული სრულად ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედია და ჯანდაცვა, ჟურნალიზმის პრინციპი, ახალი ამბების გაშუქება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ჯანდაცვის კანონები, ჟურნალისტური ეთიკა, სიყალბე და ფალსიფიკაცია ჯანდაცვაში.   

ნინო კიკნაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა