16 იანვრიდან ახალი ყოველკვირეული გადაცემა 'დიალოგი ცენზურაზე'

16 იან, 2013

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, რადიო “ცხელი შოკოლადი” და საქართველოს პენ-ცენტრი წარმოგიდგენთ ლაშა ბუღაძის ყოველკვირეულ გადაცემას “დიალოგი ცენზურაზე”.

გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ დღეიდან ყოველ ოთხშაბათს, 17 საათზე რადიო ‘ცხელი შოკოლადის’ ეთერში 98.5 FM. განმეორებით: ოთხშაბათს, ღამის 03:15-ზე, ხუთშაბათს და კვირას, 14 საათზე.

გადაცემის შინაარსზე:

ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად სხვადასხვაგვარად ხდებოდა კულტურის განვითარება: ზოგან თავისუფლებაწართმეული, წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანები სულიერ რეგრესს განიცდიდნენ და ვერაფერს ქმნიდნენ კულტურის სფეროში, ზოგან კი პირიქით, ავტორიტარული რეჟიმი ხელოვანს ერთგვარ სტიმულს აძლევდა შედევრების შესაქმნელად. პირველი შემთხვევის საილუსტრაციოდ მაოს კულტურული რევოლუციის დროინდელი ჩინეთი შეიძლებოდა დაგვესახელებინა, როდესაც კულტურის სფეროში თითქმის არაფერი იქმნება, ხოლო მეორე შემთხვევაში საბჭოთა კავშირი, სადაც მდარე ხარისხის პროპაგანდისტული ლიტერატურის, მხატვრობისა და კინემატოგრაფის გვერდით ისეთი შედევრები შეიქმნა, როგორიც შოსტაკოვიჩის “ლედი მაკბეტი მცენსკის მაზრიდან” ან ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტაა”.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ თითქოს გააანალიზა წარსულში არსებული რეჟიმები და უარყო ტოტალიტარიზმი, როგორც მართვის ფორმა, ზოგ ქვეყანაში ჯერ კიდევ მძლავრად არის შემორჩენილი ტოტალიტარიზმის ნიშნები. მეტიც, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ, ე.წ. დემოკრატიულ საზოგადოებებშიც კი შეინიშნება ავტორიტარული მართვისათვის დამახასიათებელი ელემენტები, რაც ყველაზე მეტად სწორედ მართველი ძალის ხელოვნებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება: გარდა შენიღბული ცენზურისა, სახეზეა ხელისუფლების ჩარევის მცდელობა კულტურის განვითარების გზების “შერჩევაში”. გადაცემების ციკლში ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა კულტურა სხვადასხვა რეჟიმების დროს და როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების არასწორი ჩარევა კულტურის განვითარებაში.

ნახეთ გადაცემის გვერდი ფეისბუქზე…http://www.facebook.com/#!/DialogiCenzuraze