8 ოქტომბერს პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის მსოფლიო დღე აღინიშნა

12 ოქტ, 2011

8 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო წელს მეორედ ჩაერთო ამ საერთაშორისო ინიციატივაში და ფონდის მხარდაჭერით, თბილისში არსებულმა სამმა ჰორსპისმა (ფერისცვალების დედათა მონასტერი, ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე არსებული ორი ჰორსპისი) ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა.

ღონისძიებას დაესწრნენ პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები, სამედიცინო საზოგადოება, მომვლელი პერსონალი, წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ის დონორები, რომლებიც გასული წლის 9 ოქტომბერს საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს ჰოსპისების განვითარებაში.

ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე არსებულ ჰოსპისში და ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების სახლში გაიხსნა სამადლობელი დაფები, რომელზეც დონორთა სახელებია დატანილი. დაფა განახლებადია და ყოველი ახალი დონორის სახელი მასზე აისახება.

დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ  მომვლელები, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ზრუნავენ განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე.

ფერისცვალების დედათა მონასტერში, თამარ მეფის დარბაზში ჩატარდა კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა კლასიკური მუსიკის კონცერტი. კონცერტის ინიციატორი კონსერვატორიის პროფესორი, ფერისცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის პაციენტი იყო.

###

ინფორმაცია პალიატიური მზრუნველობის შესახებ:

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები… ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია და რომელთაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ.

პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაუჭირეს მხარი. ფონდის ხელშეწყობით და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

პალიატიური მზრუნველობის განვითარებას საქართველოში ხელს უწყობს პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია, დიმიტრი კორძაიას ხელმძღვანელობით. ეს ასოციაცია ფოკუსირებულია შიდსით დაავადებულ პაციენტებზე. გარდა ჰოსპისებისა, არსებობს ბინაზე მოვლის სამსახურებიც, რის შედეგადაც წელიწადში 6 ათას პაციენტზე მზრუნველობა ხერხდება.

 

ინფორმაციისათვის გასულ წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ…