რამდენად ეფექტურია ფსიქიატრიული მომსახურების არსებული მოდელი პაციენტებისთვის?!

20 მაი, 2016

„ჯანმრთელობის კვლევის კავშირმა“ ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით წარმოადგინა კვლევის ანგარიში, რომელიც აფასებს თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული მომსახურების ეფექტურობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის.

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების არსებული მომსახურება, ძირითადად, სამედიცინო მოდელს ეფუძნება. თანამედროვე ხედვით კი  უპირატესობა ენიჭება საცხოვრებელ ადგილზე გუნდურ ე.წ სათემო მომსახურებას, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ექიმის გარდა ემსახურება ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვა შესაბამისი სპეციალისტი. ამგვარად, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მინიმუმამდე დადის.

კვლევამ შეისწავლა, თუ რამდენად ხშირად და რა ხანგრძლივობით ესაჭიროებათ ფსიქიატრიული სათემო მომსახურების პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია და რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი ამ მომსახურებით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სათემო მომსახურების მიმღები პაციენტები მეტად გამოთქვამენ კმაყოფილებას და უფრო იშვიათად და ხანმოკლე ვადით ხვდებიან საავადმყოფოში. ეს ადასტურებს, რომ სათემო მომსახურება ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კვლევის ანგარიში განსაკუთრებით საინტერესოა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ვინც ფსიქიკური ჯანრმთელობის სტრატეგიის დაგეგმვასა და აღსრულებაზეა პასუხისმგებელი.