აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

18 თებ, 2014

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო

თებერვალი, 2014 წელი

საყდრისის საბადო მდებარეობს საქართველოს ქვემო ქართლის რაიონის დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო შემთხვევით იქნა მიკვლელული კომპანია მადნეულის გეოლოგების მიერ, რომლებიც ოქროს მადნის საძიებო სამუშაოებს ატარებენ საყდრისის ტერიტორიაზე. ქართველმა გეოლოგებმა არქეოლოგებს შეატყობინეს მაღაროების აღმოჩენის შესახებ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფმა გერმანელ მეცნიერებთან თანამშრომლობით, რომელიც 2004 წლიდან მუშაობს ოქროს წარმოების კერის, მაღაროებისა და სამთოელთა დასახლების კვლევაზე საყდრისსა და ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე, დაადგინა რომ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო ძველი წელთაღრიცხვის IV (მეოთხე) ათასწლეულის მიწურულით და III ათასწლეულის დასაწყისით არის დათარიღებული, იგი 5400 წლისაა და მსოფლიოში უძველელი მაღაროა. ძეგლი 1000 წლით უსწრებს ეგვიპტის ცნობილ უძველეს მაღაროებს.

მაღარო მიწისქვეშ 50 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება. მიკვლეული იქნა სამთოელების უძველესი დასახლება, მათი სამარხები, მადნის დამამუშავებელი სახელოსნოები ათასობით სამუშაო იარაღებით: ქვის უროები, ცეცხლის ხმარების შედეგად დარჩენილი ნახშირი, საფქვავი და სანაყი ქვის იარაღები, ძვლის “საფხეკები”, ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რაც მიუთითებს ამ ინდუსტრიის მთლიანი ციკლის განვითარებას ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე. ობიექტის შემსწავლელი სამუშაო ფოლცვაგენის ფონდმა დააფინანსა.

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ობიექტის დაცვას და ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა. ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ “RMG Gold”-მა, რომელიც კომპანია „მადნეულის” შესყიდვის შემდეგ ფლობს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ამ ტერიტორიაზე, მოითხოვა საყდრისი-ყაჩაღიანის უძრავი ძეგლის შესახებ კომისიის შედგენა. კულტურის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ “RMG Gold”-ის კონტრაქტორები, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა საფუძველზე წარმოადგინა დასკვნა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა არ გაიზიარა კომისიის რამდენიმე წევრმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის №563 ბრძანებათა საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ამოღებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სიიდან.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის #03/108 ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრსით მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ღონისძიების განხორციელება. თუმცა ობიექტისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება არ მომხდარა. ამასთან, საყდრისი-ყაჩაღიანისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც კი პრაქტიკულად შეუძლებელია, მოხდეს ასიათასობით ტონა კლდის ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადატანა და იქ მოეწყოს მუზეუმი. მსგავსი ფაქტი მსოფლიო პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის #1436 განკარგულებით გაუქმდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის ერთობლივი ბრძანების ის ნაწილი (მე-2 პუნქტი), სადაც მოხსენებული იყო „დაბა საყდრისში სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონა. ტერიტორიამ დაკარგა არქეოლოგიური ზონის სტატუსი და შესაბამისი დაცვის რეჟიმი.

კომპანია “RMG Gold”-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი არ წარმოადგენს რაიმე ღირებულ ობიექტს და იგი უნდა დაინგრეს და გადამუშავდეს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ მიუხედავად სპეციალისტთა არაერთი მოსაზრებისა და დასკვნისა, რომ ამჟამად იქ არსებული ოქროს მარაგის ღირებულება გაცილებით ნაკლები და უმნიშვნელოა, ვიდრე ძეგლის მნიშვნელობა და ღირებულება, კომპანია “RMG Gold”-ის მესაკუთრეები არ ერიდებიან საყდრისი-ყაჩაღიანის დანგრევას. თუმცა არსებობს წიაღიასეული მოპოვების სხვადასხვა სამუშაო ტექნიკა, რომელიც განაპირობებს სამუშაო პროცესს ისტორიული ძეგლის დაზიანების გარეშე.

2014 წლის 8 იანვარს სამინისტროს მიმართა ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფმა და წამოადგინა საყდრისი-ყაჩაღიანის სააღრიცხვო დოკუმენტაცია აღნიშნული ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით.

სამინისტროში არსებულმა მინისტრის სათათბირო ორგანომ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიულმა სექციამ განიხილა აღნიშნული საკითხი და ერთმნიშვნელოვნად მისცა მინისტრს რეკომენდაცია ობიექტისათვის სტატუსის მინიჭებაზე.

2014 წლის 13 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, იმ მოტივით, რომ საჭიროა გაგრძელდეს საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემსწავლელი საქმიანობა, გასცა უარყოფითი დასკვნა კომპანია „RMG Gold”-ის მიერ საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების სამუშაოს გაგრძელებაზე. კომპანია არ უშვებს მეცნიერებს საყდრისის ტერიტორიაზე ფოტო-ფიქსაციისა და კვლევის გასაგრძელებლად.

საქართველო მიუერთდა ვალეტას კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რაც ასევე ხაზგასმულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინიცირებულ ასოცირების ხელშეკრულებაში.

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო არის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყონებლივ მკვეთრად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის რეკომენდაცია, ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების რჩევა, საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენის შესახებ და ხელი შეუწყოს ძეგლზე საერთაშორისო კვლევების გაგრძელებას.

ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლობებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, გაითვალისწინონ საყდრისი-ყაჩაღიანის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და გამომდინარე დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობიდან მოახდინონ მყისიერი რეაგირება ობიექტის გადასარჩენად.

წერილს თან ერთვის საერთაშორისო ექსპერტების და სპეციალისტების 3 წერილი და ვებ-გვერდებზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებები:

http://www.pasthorizonspr.com/index.php/archives/08/2013/plea-to-save-ancient-georgian-gold-mine-from-total-destruction

http://ticcih.org/heritage-at-risk-ancient-gold-mine-of-sakdrissi-in-georgia/

იხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ქვემორე ხელმომწერ ორგანიზაციათა სია.

1. ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
2. ფონდი “სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
3. ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი
4. საქართველოს პრესის ასოციაცია
5. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
6. ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
7. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
8. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
9. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
10. ასოციაცია “გადავარჩინოთ მომავალი თაობა”
11. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”
12. ენერგოეფექტურობის ფონდი
13. ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
14. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
15. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
16. ასოციაცია “ტოლერანტი”
17. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
18. საქართველოს გაეროს ასოციაცია
19. საერთაშორისო ფონდი “ლეა”
20. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი
21. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
22. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
23. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
24. “კავკასიური სახლი”
25. “კავკასიური სახლი – საქართველო”
26. ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი”
27. კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”
28. ბორჯღალი
29. კივიტას გეორგიკა
30. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
31. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
32. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
33. მედიის განვითარების ფონდი
34. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
35. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
36. პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო”
37. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა”
38. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
39. საზოგადოებრივი დამცველი
40. ჯანმრთელი სამყარო
41. ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
42. ადამიანის უფლებათა ცენტრი
43. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
44. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
45. “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო”
46. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
47. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
48. კონსტიტუციის 42- ე მუხლი
49. სათემო ფონდი “ადგილის დედა”
50. ასოციაცია”ქალი და ბიზნესი”
51. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
52. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
53. რეპატრიანტთა კავშირი
54. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
55. “კავკასიური მოზაიკა”
56. მწვანე ტალღა
57. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია „ახლებური ხედვა”
58. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი – ქვემო ქართლი
59. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
60. ასოციაცია “ფსიქეა”
61. ახალგაზრდული ალტერნატივა
62. ციხის საერთაშორისო რეფორმა
63. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
64. ასოციაცია „ათინათი”
65. კავკასიის ქალების საუნივერსიტეტო განათლებით
66. თავისუფალი არჩევანი

არაწევრები

67. კავშირი ,,სტუდია ეიდისი”
68. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია “საქართველოს ჩაი”
69. ქართველ სომეხთა გაერთიანება „ნორ სერუნდ”
70. ახალგაზრდების მხარდაჭერისა და საციალური დახმარების ცენტრი
71. საქართველოს რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაცია
72. ახალგაზრდა რეფორმატორები სოფლის განვითარებისათვის
73. სტუდენტური საერთაშორისო ინიციატივა
74. „ფონდი ტასო”