გარდაიცვალა ფონდის თანამშრომელი თეა ახობაძე

15 ივნ, 2010

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით იუწყება, რომ  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ  12 ივნისს, გარდაიცვალა ფონდის თანამშრომელი თეა ახობაძე.

თეამ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოში” 2004 წელს დაიწყო მუშაობა. იგი იყო გამორჩეული კვალიფიკაციის ექსპერტი ზიანის შემცირების სფეროში, ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ზიანის შემცირების პროგრამასა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივას.

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე თავდაუზოგავად მუშაობდა ზიანის შემცირების და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თემებზე,  სოციალურად ყველაზე დაუცველი ადამიანების ინტერესების დაცვაზე და საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე.

ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე თეამ ბევრი სასარგებლო და კეთილშობილური საქმის გაკეთება შეძლო, რაც სამაგალითო მოგონებად დარჩებათ მის კოლეგებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს. თეა საქმისადმი ერთგულებით, ჰუმანურობით, სულიერი მხნეობით და სამართლიანობის გრძნობით გამოირჩეოდა და  თავად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გარშემომყოფთათვის ნუგეშის მიმცემი იყო.

თეა  1972 წლის 8 აგვისტოს  ქ. თბილისში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა.  წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, იმუნოლოგიის განხრით. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, ვორვიკის უნივერსიტეტში (The University of Warwick), სადაც მოიპოვა მედიცინის სოციალური ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 11 წლის მანძილზე მუშაობდა იმუნორეგულაციისა და იმუნობიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში; მუშაობდა ასევე საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოსახლეობის საკომუნიკაციო პროგრამაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” იზიარებს თეას ახლობლების მწუხარებას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და კოლეგებისათვის, არამედ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთვის.