'ეს შენ გეხება' დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება

22 ივნ, 2012

დღეს  ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურნენ. 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი მუშაობს წინადადებებზე, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო პერიოდში მოხდება ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით”.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

“სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას” მონაწილეები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ტელეკომპანია იმედის ეთერში დღეს, 22 ივნისს, 14:00 საათიანი „ქრონიკის” გამოშვებაში გაკეთებულ განცხადებას, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის სავალდებულო გატარების თაობაზე.

ბ-ნი დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს წინადადებებზე, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო პერიოდში მოხდება ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ეხმიანება კამპანია „ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „must carry”-სა და “must offer”-ის პრინციპების თაობაზე. ეს ინიციატივა არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების უმრავლესობის აზრით, საზოგადოებას აძლევს საშუალებას მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა ადეკვატურად იქნება ასახული პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში.

პრესკონფერენციის ვიდეო.