კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისათვის” მიმართვა მთავარ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს

20 ივლ, 2011

19 ივლისი, 2011

საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ მურთაზ ზოდელავას
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს,
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, ბატონ გიგა ბოკერიას

ბატონებო,

მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში) გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) და ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის” წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქმე სრულიად საიდუმლო არ არის, გასაიდუმლოებულია მხოლოდ საქმის ნაწილი. ასევე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 2011 წლის 15 ივლისის ოფიციალურ სატელევიზიო განცხადებაში ადასტურებს, რომ ფოტოგრაფებთან დაკავშირებულ საქმეს სრულად არ ადევს საიდუმლო გრიფი.

ზემოაღნიშნული განცხადების მიუხედავად, დაკავებულთა ადვოკატების ცნობით, მათ დადებული აქვთ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილი, ხოლო საქმის მასალები სრულად არის გასაიდუმლოებული. ამ განცხადებებს შორის არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საზაგადოებაში არსებულ გაურკვევლობას. ჩვენთვის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი ინფორმაცია საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით არც სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლების და არც ბრალდებულთა ადვოკატების მეშვეობით.

მოვითხოვთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალები იყოს ღია და ხელმისაწვდომი. ამასთანავე მოგმართავთ თხოვნით, შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გაავრცელონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ დაუყოვნებლივ მოახდენთ რეაგირებას ჩვენს განცხადებაზე.

გთხოვთ, პასუხი გვაცნობოთ წერილობით.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
1. “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”
2. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის”
3. “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”
4. “რეგიონული მაუწყებლების ქსელი”
5. “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”
6. “მედიაკლუბი”
7. “საერთაშორისო გამჭვირვალობა”
8. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
9. “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”
10. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
11. “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”