მედიაციის გზით ადამიანის უფლებების დაცვა ჯანდაცვის სფეროში

14 მარ, 2013

2013 წლის 3 თებერვალს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, კოალიციამ “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” ჩაატარა სემინარი ადვოკატებისთვის “ადამიანის უფლებების დაცვა ჯანდაცვაში მედიაციის გზით”. სემინარს ესწრებოდა ოცდაათამდე პრაქტიკოსი იურისტი. მათ საშუალება მიეცათ ემსჯელათ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ქმედუუნაროდ ცნობის საკითხი, სამართლებრივი პრობლემები ფსიქიატრიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, არასრულწლოვანი დამნაშვავეები და შეზღუდული შეურაცხადობა და სხვ.

სემინარს უძღვებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუნუ კვანტალიანი, იურისტი ნინო გვენეტაძე და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტი ნანა ზავრადაშვილი.

კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” შეიქმნა 2009 წელს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და მისი მიზანია შექმნას და განახორციელოს პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების რეალიზაციას ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით მოსახლეობის მარგინალური ჯგუფებისთვის (პატიმრები, აივ-ინფიცირებულები, წამალდამოკიდებული პირები, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ავადმყოფობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტები და სხვა).