მე დავბრუნდი- რეაბილიტაცია არტთერაპიით

7 ნოე, 2013

გემით ‘კამარა’ ვბრუნდებოდი სამშობლოსკენ…

‘ამ ადამიანებმა იმდენ ხანს არ იცოდნენ, რომ გენიოსები არიან. მიხარია რომ გავაგებინეთ. მათი სულიერი მდგომარეობა, სიცოცხლის სიხარული, საზოგადოების წევრობის სურვილი და რაც მთავარია, – ქმნის უნარი აღდგა.  გაგიჭირდებათ წარმოდგენა, რომ მათ ფანქარი ხელში პირველად კამარაში დაიჭირეს და მითუმეტეს სხვა მასალასთან ურთიერთობა პირველად ჩვენს არტ თერაპიის ჯგუფში სცადეს.’- ამბობს ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის კამარას’ დამფუძნებელი, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობს. ‘კამარას’ გუნდი მათ არტ თერაპიის მეშვეობით რეაბილიტაციაში და საზოგადოებაში დაბრუნებაში ეხმარება.

‘კამარელებმა’ (ასე უწოდებენ საკუთარ თავს)  2014 წლის 10 ნოემბერს ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. გამოტანილი ნაკეთობები ქანდაკებები, ფერწერული ნახატები, მინანქრის ნაკეთობები, ჭედურობა და სხვა ნივთები არტთერაპიის პროცესშია შექმნილი. თითოეულ ნაწარმოებს დატვირთული თერაპიული ისტორია აქვს. ამიტომ, ყველა მათგანი კონცეპტუალურია.

ნამუშევრებით მიღებულმა შთაბეჭდილებამ, მნახველთა თქმით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

‘უყურებ და გესმის, იგრძნობა; საოცარი, სრულიად არაცნობიერი გრძნობები ამოდის ზედაპირზე’ -ამბობს მაია შიშნიაშვილი, გამოფენის სტუმარი.

გამოფენას სახელწოდება ‘მე დავბრუნდი’ ზუსტად ეხმაურებოდა მიზანს.  

‘რა აზრი აქვს დაბრუნებას, თუ არავინ არ დაგხვდება და არ გეტყვის, რომ მნიშვნელოვანი ხარ და შენი ადგილი საზოგადოებაში არსებობს. მადლობა იმისთვის, რომ “ადამიანი არის მთავარი” თქვენთვის.ჩემი კამარელებისთვის ყოველმა თქვენგანმა შექმენით დღესასწაული.’- ასე მიმართა ნათია ფანჯიკიძემ გამოფენის სტუმრებს.

 

კამარას შესახებ

“კამარამ” 2011 წლის ოქტომბერში ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ნივთიერებაზე დამოკიდებული პაციენტებისათვის.

ორგანიზაცია დახმარებას უწევს ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს და ხელს უწყობს მათ დაბრუნებას საზოგადოებაში.

ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრში პაციენტები გადიან თერაპიის კომპლექსურ კურსს, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურ თერაპიას, არტთერაპიას, მითოდრამას, ვიდეოთერაპიას, ეგზისტენციალურ თერაპიას, იოგას, მუსიკის თერაპიას, ‘ჩავარდნის’ პრევენციას, შრომით და კულინარულ თერაპიას.

ეს სარეაბილიტაციო პროგრამა  ე.წ ‘ცხოვრების სკოლაა’, სადაც პაციენტები სწავლობენ ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას, ნივთიერების გარეშე.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ‘კამარა’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დაარსდა და დღემდე ფონდის მხარდაჭერით მუშაობს.