პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი ხაზის პირველი წლის ანგარიში

16 სექ, 2014

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით  2014 წლის იანვრიდან საქართველოში პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი მუშაობს. მომსახურებით უკვე 3000-მდე მოქალაქემ ისარგებლა ტელეფონის, ვებ გვერდის და სოციალური ქსელის მეშვეობით.

6 სექტემბერს პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის განმახორციელებელმა „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელმა საზოგადოებამ” პირველი წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ  ასოციაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიებს და დამოუკიდებელ  ექსპერტებს.

წარმოდგენილი იქნა 2014 წელს ცხელ ხაზზე მომართვების ანალიზის შედეგები: მომართვების გეოგრაფიული განაწილება, ანონიმური მომართვების და დაზღვეული მოქალაქეების წილი, მომართვების შინაარსი და სხვ.

ცხელ ხაზზე შემომავალი შეკითხვების გაანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობა არასათანადოდ არის ინფორმირებული ამა თუ იმ სერვისზე,  ხშირად ადგილი აქვს გაურკვევლობას მომსახურების თანადაფინანსებისას, ჩნდება პაციენტის იდენტიფიკაციის პრობლემა გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას. ასევე, ხშირად, ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიც არის მომსახურების გაუმართლებელი ანაზღაურება პაციენტის მიერ, კლინიკის მიერ დასაბრუნებელი თანხის მიღების სირთულე, ბუნდოვანი ფორმულირება პროგრამაში, არათანაბარი პირობები სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, არასაკმარისი რესურსი, პერონალის კვალიფიკაცია და უნიფიცირებული სტანდარტების ნაკლებობა, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებზე ზრუნვის სირთულე გადაადგილების უნარს მოკლებული პაციენტებისთვის, სამედიცინო დაწესებულების არჩევის შეზღუდვა, უსაფუძვლო მოთხოვნები მოქალაქეთა მხრიდან და სამედიცინო პერსონალის მიერ დაფიქსირებული სირთულეები პროფესიული საქმიანობისას.

პროექტს ახორციელებს „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება”.