საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები

18 სექ, 2012

აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის
2012 წლის 15 სექტემბერს გამართული კონფერენციის
„საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები”
განცხადება


1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საქართველოს სახელმწიფობრიობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასა და არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებაზე დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარება.
თავისუფალი არჩევნების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ხელისუფლებაზე დაკისრებული პასუხისმგებლობის წილი მაღალია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ გაათვითცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და იმოქმედოს სამართლის უზენაესობის პრინციპის და ცივილიზებული და დემოკრატიული პრაქტიკის გათვალისწინებით.

ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე პერიოდში მოახდინოს ადექვატური რეაგირება ქვემოთ გამოკვეთილ პრობლემებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მოქალაქეთა ნების გამოხატვა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში.

საარჩევნო გარემოს მზარდი პოლარიზაცია და დაძაბულობა

საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ გარემოს ახასიათებს მზარდი პოლარიზაცია და დაძაბულობა, რაც ხელს უშლის ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის მსვლელობას, ირღვევა კონკურენციის პირობები და ხელი ეშლება დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებას; მწვავდება დაძაბულობა, რაც, თავის მხრივ, ქმნის საზოგადოებრივი დაპირისპირების საფრთხეს.

პოლარიზაციისა და დაძაბულობის ერთ-ერთი წყაროა პოლიტიკური კონკურენტების მიმართ სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი ლექსიკის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, მკვეთრად ნეგატიური პიარის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობის გამოყენება. ამგვარი „თამაშის წესები” მიუღებელია ქვეყნისათვის, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად, ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტებისაკენ სწრაფვას მის მთავარ მიზნად აცხადებს.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს:

  • საქართველოს ხელისუფლებას, მის შესაბამის უწყებებს, როგორც არჩევნების სამართლიან და თანასწორ ვითარებაში ჩატარებაზე ვალდებულების მქონე სუბიექტს – პასუხისმგებლობით მოეკიდოს წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების საკითხს და არ შექმნას საფუძველი დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისთვის, არ დაუშვას უსამართლო და შერჩევითი მიდგომები პოლიტიკური სუბიექტების მიმართ;
  • პოლიტიკურ სუბიექტებს – გაითავისონ პასუხისმგებლობის საკუთარი წილი, თავი შეიკავონ კონკურენტების მიუღებელი ფორმებით დისკრედიტაციისა და პროვოცირებისგან და დაიცვან ჯანსაღი კონკურენციის წესები, რათა თავიდან იქნას აცილებული არსებული საფრთხეები;
  • მასმედიის საშუალებებს – საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მათი მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, არ შეუწყონ ხელი შემდგომ პოლარიზაციას და, განსაკუთრებით, საარჩევნო პროცესების გაშუქებისას, იხელმძღვანელონ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის ნორმებით.

 

მედია გარემოსთან დაკავშირებული საკითხები
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ამომრჩეველთა ნების ავტონომიურობის და დემოკრატიული პროცესების განვითარების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პლურალისტური მედია გარემოს არსებობას. მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს წინასაარჩევნოდ, ისევე, როგორც არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდშიც, დემოკრატიული საარჩევნო პროცესისადმი ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

Must carry/Must offer -ის გაგრძელება
ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ე. წ. Must carry/Must offer პრინციპის ამოქმედება საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ვალდებულება იწურება არჩევნების დღეს, რაც ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესს, რამდენადაც საარჩევნო პროცესი და მისდამი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი კენჭისყრის დღეს არ სრულდება. ამასთან, საზოგადოების ინტერესი მრავალფეროვანი მედია გარემოს მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ საარჩევნო პროცესით. პლურალისტური მედია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რეალურად წარმოადგენს იმგვარ საჯარო ინტერესს, როდესაც გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური რეგულაცია.

ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს:

  • საქართველოს პრეზიდენტს – დაუყოვნებლივ მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და დააყენოს საკითხი ე. წ. Must carry/Must offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელების შესახებ ქვეყანაში;
  • საქართველოს პარლამენტს – განიხილოს აღნიშნული საკითხი საგანგებო სხდომაზე და უზრუნველყოს Must carry/Must offer-ის პრინციპების განგრძობითი მოქმედება ციფრული მაუწყებლობის დანერგვამდე საკანონმდებლო გარანტიებით.
     

დაყადაღებული სატელიტური ანტენები

მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელებისათვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, Must carry/Must offer-ის მოქმედების პირობებშიც კი, არის ქვეყნის მოსახლეობის შეზღუდული წვდომა საკაბელო ოპერატორების სერვისებისადმი, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებად სატელიტური ანტენები რჩება. შესაბამისად, მოსახლეობის ამ მნიშვნელოვანი ნაწილისათვის იქმნება დისკრიმინაციული პირობები.

კერძო ტელეკომპანიის კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი, ე. წ. „გონივრული ეჭვის” საფუძველზე, ჩვენი მხრივ, განხილება, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელისშემშლელი ფაქტორი. ამ ფონზე, მისასალმებელია უწყებათშორისი კომისიის მხრიდან გამოხატული ნება ტელეკომპანია „მაესტროს” სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნისა და გარკვეული პირობებით მათი გავრცელების შესაძლებლობის შექმნის შესახებ.

ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებასა და პროცესში მონაწილე სუბიექტებს, უზრუნველყონ პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვა, მონაწილე სუბიექტებს შორის გარიგების არადისკრიმინაციულ და ურთიერთმისაღებ პირობებზე შეთანხმება და წინასაარჩევნოდ სატელიტური ანტენების გავრცელება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.

  • ეროვნული პლატფორმა, თავის მხრივ, მზად არის, მონაწილეობა მიიღოს პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგში და უზრუნველყოს საზოგადოების დეტალურად ინფორმირება.
  • ეროვნული პლატფორმა მიიჩნევს, რომ მომავალში მასმედიის საშუალებებს, მათ შორის, დამოუკიდებელ ტელევიზიებს, არ უნდა შეეშალოთ ხელი დისტრიბუციის საკუთარი სისტემების განვითარებაში.


კონკურენტული წინასაარჩევნო გარემო

არჩევნების დასავლური სტანდარტებით ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა კონკურენტული და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა, რაც სამართლის უზენაესობისა და ამომრჩეველთა ინტერესების პრიორიტეტულობას გულისხმობს. საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობას მნიშვნელოვნად უშლის ხელს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგანაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მწვავეა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებაა.

ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას ქართული კანონმდებლობა საკმაოდ ვიწროდ განმარტავს და მისი არსი ფაქტობრივად მხოლოდ ტექნიკური რესურების (შენობები, ტრანსპორტი, საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებები) გამოყენების აკრძალვამდე დაიყვანება, მაშინ, როცა კანონის რეგულირების სფეროს მიღმა რჩება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სხვა მნიშვნელოვანი გამოვლინებები. მიუხედავად ამისა, კანონით დადგენილი რეგულირებების კონტროლიც საკმაოდ პრობლემურია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ არსებობს ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, როგორც საბიუჯეტო ფინანსური რესურსების, ასევე საჯარო პირთა საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს:

  • შესაბამის სახელწიფო სტრუქტურებს – მაქსიმალურად აღკვეთონ ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ფაქტები, იხელმძღვანელონ კანონის არსიდან და მოახდინონ დარღვევებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირება;
  • იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსებზე – თავი შეიკავონ მათ უკანონო გამოყენებაზე, რათა არ მოხდეს საარჩევნო სუბიქტთა თანასწორობის დარღვევა და, შედეგად, წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.


ხმის ფარულობის დაცვა

ეროვნული პლატფორმა მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია ამომრჩეველთა არასაკმარისი ინფორმირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ხმის ფარულობას ეჭვქვეშ აყენებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე, ზღუდავს მისი ნების თავისუფლად გამოვლენას და, შესაბამისად, უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.
მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:

• აწარმოოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არჩევნების დღის პროცედურების შესახებ, ამასთან, მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსიროს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი მკაცრად და განუხრელად იქნება დაცული;

• უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობისა და ხმის ფარულობის პრინციპის განუხრელი დაცვა არჩევნების დღეს.

საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთა როლი

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების როლსა და აქტივობას, მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების ფართომასშტაბიანი დაკვირვებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის და სანდოობის უზრუნველყოფას.

მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესის ყველა სუბიექტს, აქტიურად ითანამშრომლონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით.

ამასთან, ეროვნული პლატფორმა გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მთელი პერიოდის განმავლობაში.

არჩევნების დღე

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ფართო საზოგადოებას, მედიას:

• არ შეუწყონ ხელი მდგომარეობის ესკალაციას და დაიცვან ევროპული დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის პიროვნული თავისუფლების კონსტიტუციური უფლებების საყოველთაოდ აღიარებული და დეკლარირებული ნორმები;
• უზრუნველყონ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვა არჩევნების დღეს, ასევე, არჩევნების დღისა და მისი შედეგების გაშუქებისას;
• პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჯამებულ, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე დაფიქსირებულ პოლიტიკურ ნებას.