სახალხო დამცველის ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმართა მდგომარეობაზე

20 ივნ, 2014

 

საქართველოს სახალხო დამცველმა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმართა მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირების ფონზე. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა, აღნიშნული კუთხით, პირველად განხორციელდა საქართველოში. ეს პირველი სპეციალიზებული ანგარიშია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – სხვა მრავალი ქვეყნისთვის, რომლებიც კონვენციის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო გაერთიანებული ერების წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციით (UN CAT) სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებასა და დროებით მოთავსების იზოლატორში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით.

ანგარიშში მოცემულია მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული სისტემური ხარვეზების/პრობლემების კომპლექსური ანალიზის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო უწყებები არ ფლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) შესახებ სტატისტიკას და არ გააჩნიათ მექანიზმი მათი იდენტიფიცირებისა და საჭიროების შეფასებისთვის. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებები არ აკმაყოფილებს ხელმისაწვდომობის და გონივრული მისადაგების მინიმალურ სტანდარტს.

არც პენიტენციურ და არც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არ არის დანერგილი შშმ პატიმრებისა და პაციენტებისათვის სარეაბილიტაციო პროგრამა, შედეგად პაციენტების მდგომარეობა თანდათან მძიმდება, მათ უქვეითდებათ ფუნქციონალური სტატუსი და ხდებიან ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფები. დიდი ყურადღება დაეთმო ფსიქოაქტიური მედიკამენტების (ნივთიერებების) არასამედიცინო მიზნით ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებზე ზრუნვის სტანდარტების არარსებობის თემატიკას; შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალიზებული მომსახურებების დანერგვის აუცილებლობას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დარღვეულია პაციენტთა მკურნალობისა და მოპყრობის სტანდარტები, მათ შორის ფიზიკური შეზღუდვის გამოყენება საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფიქსირდება პაციენტთა სრული საქმიანობითი და საინფორმაციო დეპრივაცია, საზოგადოებიდან რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გარიყვა და იზოლაცია.  ასევე, უმნიშვნელოვანეს პრობლემად დასახელდა პაციენტთა ხანგრძლივი დაყოვნება არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე  20 წელზე მეტი ხანგრძლივობით; თერაპიული გარემოს არარსებობა; პაციენტის სტაციონარიდან გაწერის სტანდარტების არარსებობა და სხვა;

დროებითი მოთავსების იზოლატორები ვერ აკმაყოფილებენ ჰიგიენის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს და არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისათვის.ასეულობით პატიმარი აყენებს 2012 წლამდე განხორციელებული წამებისა და ძალადობის ფაქტების შესახებ მოკვლევისა და გამოძიების მოთხოვნას, თუმცა აღნიშნული ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა სრულფასოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ ინიცირებული გამოძიების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

ანგარიშში სრულად არის წარმოდგენილი სახალხო დამცველის  რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულებაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების სიმწირესა და სხვა პრობლემებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სისტემაში მიმდინარე დადებით ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის დროს აღმოჩენილ დარღვევათა ნაწილი უკვე გამოსწორდა, ასევე სულ მალე ამუშავდება სპეციალური სამედიცინო განყოფილება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრების მკურნალობისათვის სრული სერვისით იქნება უზრუნველყოფილი. მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შედეგად განხორციელებული რეფორმები მიმოიხილა.

უახლოეს მომავალში სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციის მექანიზმი განმეორებით მონიტორინგს ჩაატარებს, რათა დაადგინოს, წარმოდგენილი ანგარიშისა და პრობლემათა გაანალიზების შედეგად გაუმჯობესდა თუ არა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. შედეგებს სახალხო დამცველი დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს.

ნახეთ ფოტოგალერეა.