ადამიანის უფლებების დარღვევის გავრცელება საქართველოს საპატიმროებში და საერთაშორისო რეკომენდაციები

3 ნოე, 2014

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრი აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანი იყო 2006-2012 წლებში საქართველოს საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელებისა და მიზეზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

პრეზენტაცია გაიმართება 4 ნოემბერს, სამშაბათს 09:30 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში”.

ციხეებში არსებული წამების და მათი ვიდეოგადაღების მიზეზების, მასშტაბისა და შედეგების შესწავლა ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველებმა 2013 წელს დაიწყეს. ანგარიში მოიცავს პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან ჩატარებული გამოკითხვის სრულიად ახალი, ემპირიული გამოკითხვის მონაცემებს, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო” და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა განახორციელეს. კვლევის პროცესში, პირდაპირი ინტერვიუების სახით იქნა გამოკითხული 1200 მსჯავრდებული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.

კვლევის შედეგები პასუხობს მთავარ კითხვებს: როდის დაიწყო, რამდენად გავრცელებული იყო და რამდენად სისტემური და ხშირი ხასიათი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფოტო- ვიდეო დოკუმენტირებას, წამების რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა გარკვეულ ციხეებში, თუ ქვეყნის სრული მასშტაბით, ხდებოდა ეს ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში, თუ ეს იყო ოფიციალური პოლიტიკა.

ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს სამომავლოდ მსგავსი პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით და ზოგადად, ციხის მართვის საკითხებზე.

სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ისეთ საერთაშორისო ექსპერტებს, როგორებიც არიან ბარონესა ვივიენ სტერნი, ციხის საერთაშორისო რეფორმის დამაარსებელი და ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი და პროფესორი ენდრიუ ქოილი, ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებზე.