ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები და გამოწვევები

23 ივნ, 2016

23 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.

დისკუსიას საფუძვლად  პოლიტიკის დოკუმენტი დაედო, რომელიც  საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  (DCFTA) ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების, პრობლემების და შესაძლებლობების ანალიზს გვთავაზობს. მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი თემა ბრიუსელიდან დანახული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივებიც იყო.

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომისტმა სოფო სხირტლაძემ ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ე.წ DCFTA მნიშვნელობაზე საქართველოს ექსპორტირების პოტენციალისთვის. მისი თქმით, DCFTA დებულებები ძირითადად სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების წარმოების სექტორებზე იქონიებს გავლენას.

ვებპორტალის EUGEORGIA.info ანალიტიკოსმა ზურაბ მოდებაძემ ისაუბრა ქართველ მწარმოებლებზე, რომელთაც უკვე აქვთ ევროკავშირის ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული კვების პროდუქტების გატანის გამოცდილება. სურსათის უვნებლობისა და სურსათის ჰიგიენის დაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ევროკავშირის სტანდარტი იქნას დაკმაყოფილებული. ზურაბ მოდებაძის თქმით  არანაკლები პრობლემაა კვალიფიციური კადრების თვალსაზრისით, ასევე წარმოებამდე გასატარებელი ღონისძიებების და წარმოებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების კუთხით.

„საქართველოს ესაჭიროება კადრების გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრების დეფიციტია. მაგალითად, არის პროფესიონალი ვეტერინარების ნაკლებობა, დაკარგულია ნიადაგის კვლევის კულტურა, რომელიც მწარმოებელს კარნახობს, თუ რა პროდუქტის წარმოება იქნებოდა უმჯობესი ამა თუ იმ ნიადაგზე… საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია ევროკავშირში მოთხოვნად პროდუქტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დახმარების პროგრამები არ არის მოქნილი და ა.შ”- ამბობს იგი.

ნახეთ პოლიტიკის დოკუმენტი.