გამჭვირვალე და ღია მერია

23 დეკ, 2014

 

23 დეკემბერს,  სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ თბილისის მერიის ვებპორტალის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც რამდენიმე თვეა ორგანიზაცია IDFI მუშაობს ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია მერიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და  თბილისის ამჟამინდელი ვებგვერდის ჩანაცვლება უფრო გამჭვირვალე და ღია ვებპორტალით, რომელიც მოქალაქეებს მიაწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას, მათ ექნებათ საშუალება დაამყარონ კომუნიკაცია თბილისის მერთან, მის უწყებებთან და ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

“მერიის სტრუქტურა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. ამ ეტაპზე გამჭვირვალობა და ღიაობა შესაძლებელია მოდერინზებული ვებპორტალის მეშვეობით და სწორედ ამიტომ ჩვენ ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოსთან’ და IDFI-სთან ერთად დავიწყეთ ეს პროექტი, რომ მერიას ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და გამჭვირვალობაზე ორიენტირებული პორტალი. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, რომ შევუერთდეთ ღია მმართველობის საერთაშორისო ინიციატივას და პორტალზე გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას, რაც ამ ინიციატივით მოიაზრება.  ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ვებგვერდზე გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ბიუჯეტზე, შესყიდვებზე და ა.შ-” ამბობს დავით ნარმანია, თბილისის მერი.

ღია მმართველობის ინიციატივასთან მიერთებასთან ერთად, მერია პროაქტიულ გამოქვეყნებაზეც აპირებს ზრუნვას “ჩვენ გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას წინასწარ, გვექნება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, რაც ერთი მხრივ, ჩვენ თვითონ შეგვიმსუბუქებს საქმეს, რადგან შემცირდება ინფორმაციის გამოთხოვა.”

წლების მანძილზე თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ისმოდა კითხვები მისი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ეს მნიშვნელოვნად გამოწვეული იყო მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური და სხვა მსგავსი ტიპის მონაცემების არარსებობით. ახალი პროექტის იდეა ამ საჭიროებამ გააჩინა. როგორც თინათინ ბოლქვაძე, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მენეჯერი ამბობს “მერიამ დღემდე ყველანაირად შეგვიწყო ხელი იმისთვის, რომ ეს კონცეფცია შეგვემუშავებინა. წლების განმავლობაში ჟურნალისტებისგან, მოქალაქეებისგან, არასამთავრობოებისგან მესმის წუხილი იმაზე, რომ ქალაქის ვებგვერდი არ იძლეოდა კომუნიკაციის საშუალებას და ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობას საჭირო ინფორმაციით.”

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც ვებგვერდს ექნება არის მისი გარდაქმნა ვებპორტალად, რომელიც გამგეობების ვებგვერდებს გააერთიანებს:

“ის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას ბევრ სიახლეს მოითხოვს: პირველ რიგში ეს ნიშნავს დეცენტრალიზებულ მიდგომას ინფორმაციის გამოქყვენებასთან დაკავშირებით. მაგ: გამგეობებს არ აქვთ საკუთარი ვებგვერდი და მათ შესახებ რომ მიიღო ინფორმაცია მერიის გავლით უნდა იმოქმედო. მეორე გზაა ინფორმაციის მიღება ფეისბუქის მეშვეობით. პორტალი არ არის ვებგვერდი თავისი შინაარსით- ეს გულისხმობს სისტემას, სადაც ყველა სტრუქტურული ერთეულს ექნება საკუთარი ქვე-გვერდი და ექნება საშუალება, რომ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ერთიანი სტანდარტის და ჩარჩოს მიხედვით.”-აღნიშნავს ლევან ავალიშვილი, IDFI-ს წარმომადგენელი.

ახალი კონცეფციის მიხედვით, ახალ ვებგვერდს შემდეგი შესაძლებლობები ექნება:

  • იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
  • გააერთიანებს ქალაქის პორტალებს- თბილისის გამგეობებს, სსიპ და სააგენტოებს, ააიპ-ებს და ფონდებს…
  • მერის გვერდი: განრიგი, თბილისის მერის ბლოგი, მასთან დაკავშირების შესაძლებლობა
  • ინფორმაცია მერის, მოადგილეებს, ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომლების შესახებ
  • პეტიციების გვერდი- პეტიციის ატვირთვა, მხარდამჭერების შემოერთება და მობილიზება
  • მოქალაქეთა კავშირი მერიასთან- გამოკითხვებში მონაწილეობა, გამგეობების და მერიის მუშაობის შეფასება, ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა: ფოტო/ვიდეო მასალის ვებზე ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა.
  • არსებული სოციალური სერვისების ჩამონათვალი მოქალაქეებისთვის
  • ინფორმაცია სამუშაოს მაძიებლებისთვის
  • ინფორმაცია ბიზნესის დაწყების მსურველთათვის- ნებართვები და ლიცენზიები, რეგისტრაცია, გადასახადები და მოსაკრებლები
  • კომუნიკაციის შესაძლებლობები- მერთან დაკავშირება, საჯარო კონსულტაციები, ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, გამოკითხვები და ა.შ