გორელოვკა - სოფელი ფოტოებში

17 დეკ, 2014

რადიო ‘თავისუფლება’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ და ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ერთობლივ პროექტზე წერს. სოფლის ფოტოკლუბი გორელოვკა თბილისში ჩამოვიდა, 10 დეკემბერს გაიმართა გამოფენა ღია გალერეაში.

‘გამოფენაზე ფოტოკლუბის გორელოვკელმა წევრებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ექვსთვიანი პროექტი, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა, დასასრულს მიუახლოვდა, ნათელა გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ გორელოვკაში სოფლის ფოტოკლუბი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. ამის იმედი აქვთ გორელოვკელ ახალბედა ფოტოგრაფებსაც.

გორელოვკაში არასდროს ვყოფილვარ. იქაური, ინტერნეტში გაბნეული, ფოტოები კი მინახავს. აი, მაგალითად, ცისფერი, ხის რიკულებიანი, რუსულ-უკრაინულ ყაიდაზე ნაშენები კოპწია სახლი. თხელი ფუნჯით მოხატული დარაბები, ფერადი ძაფებით მოქარგული სუფრები, წინსაფრები, თავსაფრები და ხელსახოცები, სამოვრები, ბლინები და, რაც მთავარია, ელექტროგადამცემ ბოძებზე დაბუდებული წეროები. აი, მე ასეთი გორელოვკა მინახავს ფოტოებზე – გორელოვკა, რომელიც რუსეთიდან გადმოსახლებული დუხობორების რელიგიურმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა; გორელოვკა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს. 90-იანი წლებიდან დუხობორების უმეტესობამ საქართველო დატოვა. თუმცა გორელოვკაში ისევ არიან დუხობორები. ისევ დგას ფუნჯით მოხატული სახლები. წეროებიც ისევ იშენებენ ელექტროგადამცემ ბოძებზე ბუდეებს.

გორელოვკა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოებშიც მინახავს. ეს სხვანაირი გორელოვკაა. ჭორფლიანი გოგოსა და მზისგან გაშავებული მამამისის პორტრეტები. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი დუხობორი, ანუ სულისთვის მებრძოლი ქალები – ქალები, რომლებიც ირეალური სამყაროდან გადმოსულ ადამიანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე თბილისიდან სამი-ოთხი საათის სავალზე მცხოვრებ ადამიანებს. ნათელა გორელოვკის ხშირი სტუმარია. იმათი ცხოვრების წესი, იმათ ტრადიციები, ყოველდღიურობა კარგად შეისწავლა და გორელოვკაში სოფლის ფოტოკლუბის გახსნაც გადაწყვიტა. სოფლებში ფოტოკლუბების გახსნის იდეა ნათელას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაუჩნდა. ეს, ალბათ, ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარეო, მეუბნება ნათელა, რომელიც სოფელში დაიბადა და მხატვრობის სიყვარული ნელ-ნელა ფოტოგრაფიის სწავლის სურვილში გადაეზარდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ სოფელში, იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობდა და სადაც, ფოტოაპარატიც კი უცხო ხილი იყო, ბევრს ვერაფერს ისწავლიდა. ასე ფიქრობს ახლაც და სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებს, ვისაც ფოტოგრაფია უყვარს და სოფლებში ცხოვრობენ, ფოტოგრაფიის შესწავლის საშუალება მისცა.’. წაიკითხეთ მეტი რადიო ‘თავისუფლების’ ვებგვერდზე.