კონფერენცია დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე

3 დეკ, 2014

დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები იყო მთავარი თემა დღეს იურისტებისთვის გამართულ კონფერენციაზე. მასში მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, ასევე სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადვოკატები და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კონფერენციის  მონაწილეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპულ სტანდარტებსა და ევროპული კომისიის ზოგად რეკომენდაციებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, ასევე, საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის არსებულ  მექანიზმებზე და ადვოკატირების წარმატებულ  მაგალითებზე დისკრიმინაციის შემთხვევაში.

კონფერენცია გახსნეს: კატერინა ბოლონეზემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა; ევა პასტრანამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა ატაშემ; შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ; ქეთი ხუციშვილმა, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა; დენიელ რეიფმა, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა და მამუკა მამაცაშვილმა, ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა საქართველოს სამხარეო დირექტორის მოადგილემ. კონფერენციას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა.

კომენტარები კონფერენციის პირველი სესიიდან:

ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’:

ჩვენი ფონდის მთავარი მიზანი, პირველივე მომენტიდან, იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა კანონის მიღების და განხილვის პროცესში. კანონის მიღებას წინ უძღოდა საკმაოდ რთული და მონაწილეობითი პროცესი საზოგადოების სრულიად სხვადასხვა ფენის მხრიდან. პირველ ეტაპზე, ძალიან ღია თანამშრომლობა გვქონდა იუსტიციის სამინისტოსთან, რომელიც მზად იყო, მიეღო ყველა რეკომენდაცია და მასზე ემუშავა. სამწუხაროდ, ის ვარიანტი, რომელიც შემდგომში მთავრობიდან გადაეცა პარლამენტს, არ შეესაბამებოდა ყველა იმ ორგანიზაციის მოლოდინს, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა წლის მანძილზე, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კანონის მიღება იყო წინგადადგმული ნაბიჯი ევროპისაკენ და ცივილიზებული სამყაროსაკენ. ახლა მთავარია ეფექტურად მოხდეს კანონის აღსრულება, განხორიცელება და მონიტორინგი. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს სახალხო დამცველს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის თვითოეული შემთხვევა იყოს შესწავლილი და დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლება იყოს დაცული. კარგია, რომ ამ განხილვის პროცესში ამდენი საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. მხოლოდ ამის დახმარებით შევძლებთ ამ კანონის რეალურად განხორციელებას.

შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე:

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანი მიღწევაა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ კანონით განმტკიცებული პრინციპების სახელმწიფოსა და სოციალურ პრაქტიკაში განსახორციელებლად. მხოლოდ დახვეწილ კანონმდებლობას და მისი განხორციელების ძლიერ მექანიზმებს შეუძლია უზრუნველყოს ყოველი ჩვენთაგანის უფლებების დაცვა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებიდან ექვსი თვეა გასული. ეს კარგი დროა იმისთვის, რომ შევაფასოთ, რამდენად მუშაობს ეს კანონი, როგორ უნდა დაიხვეწოს, და რამდენად გააჩნია საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოებას მისი განხორციელების მექანიზმები.

ევა პასტრანა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:

ევროკავშირმა მიიჩნია რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო საქართველოს რეალობაში. ძალიან პროგრესულმა ადამიანებმა დაიწყეს ამ კანონპროექტზე მუშაობა და შემდეგ პარლამენტში გატანა, რაც საქართველოში ყოველ დღე არ ხდება. დღეს მნიშვნელოვანია რეალური ორგანო, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციას. ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, რომელიც საქართველოშია არის ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსი- ეს არის სამართალწარმოების შესაძლებლობა.

დენიელ რეიფი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID:

დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირი მნიშვნელოვანია. დასავლეთის ქვეყნებში მოქალაქეებს განსხვავებული შეხედულებები და მისწრაფებები აქვთ. საქართველოში უმცირესობებს არ აქვთ იმის შეგრძნება, რომ დაცულები არიან, ან პატივს სცემენ მათ განსხვავებულობას. პოლიციაც ხშირად არ ითვალისწინებს მათ მდგომარეობას. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ წინ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი საქართველოს- ამ პროცესში მნიშვნელოვანია იურისტების ჩართულობა. ყველამ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ დისკრიმინაცია აღმოვფხვრათ.

მამუკა მამაცაშვილი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია:

ჩვენი დღევანდელი კონფერენციის წარმომადგენლობა მიანიშნებს იმას, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონის განვითარებაში ჩართულნი არიან არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციები. მნიშვნელოვანია ამ კანონის ცხოვრებაში გატარება მომავალში. ჩვენი საზოგადოების მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოქალაქე თანაბარი უფლებებით იქნება წარმოდგენილი, სადაც იქნება საშუალება, რომ ადამიანმა თავისუფლად მოახდინოს თვითრეალიზაცია და ღირსეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში.

ფოტოგალერეა…

იმედის პირდაპირი ჩართვა…